ჯანდაცვის მინისტრის, ზურა აზარაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 11 ადამიანის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და მათი ვინაობის დადგენა სავარაუდოდ, ხვალ დილისთვის გახდება შესაძლებელი.
მისი თქმით, ძებნა-შველის სამუშაოები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს და ხვალ, სტიქიის ეპიცენტრში, ცოცხალ ძალასთან ერთად მძიმე ტექნიკის შეყვანაც მოხერხდება.
"სამწუხაროდ, დაკარგული 36 ადამიანიდან 11 ადამიანის ცხედარი ნაპოვნია და გადასვენებულია პროზექტურაში, სადაც მიდის სამუშაოები მათი ამოცნობის მიმართულებით. ამ ეტაპზე, დადასტურებული ინფორმაცია არ მაქვს, გრძელდება სამუშაოები და ვფიქრობ, რომ ღამის განმავლობაში, ეს სამუშაოები დასრულდება და გვეცოდინება ზუსტად ამ დაკარგული 36 ადამიანიდან, რომელი 11 ადამიანია გარდაცვლილი, რომლებიც მაშველებმა აღმოაჩინეს.
სამუშაოები გრძელდება, გარკვეული ნაწილი სამუშაოების ღამის დადგომის გამო შეჩერებულია, მაგრამ აქტიურად მიმდინარეობს დამატებითი გზებისა და ხიდების გაყვანის მიმართულებით სამუშაოები. ხვალ დილიდან, ეპიცენტრის ადგილამდე მძიმე ტექნიკის მისაყვანად სამანქანო ხიდი მზად იქნება და ასევე, თავდაცვის ძალების მეშვეობით ხდება საფეხმავლო ხიდის მომზადება და ქვეითი ძალა ამ ხიდის მეშვეობით იქნება გადაყვანილი სტიქიის ეპიცენტრში", - განაცხადა ზურა აზარაშვილმა.