საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა "კურიერთან" სტიქიის ზონაში, დღის განმავლობაში მიმდინარე სამუშაოები შეაჯამა და ამ ეტაპზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
"სიტუაცია არის ურთულესი, ამ დროისთვისაც ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველების გარკვეული რაოდენობა, თუმცა მძიმე ტექნიკა შეაჩერა სამუშაო უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ ეწყობა რკინის კონსტრუქციის საფეხმავლო ხიდი, რომელიც ძალიან დაგვეხმარება ხვალიდან გადაადგილების კუთხით, რამეთუ ძალიან ჭირს მიწის მასაზე გადაადგილება. ასევე, დილიდან გვემატება მძიმე ტექნიკა. აქაც გვაქვს სიახლე - დღის განმავლობაში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მძიმე ტექნიკის განუწყვეტლივი მუშაობის შედეგად, მოხერხდა მძიმე ტექნიკის მდინარის მეორე ნაპირზე გადასროლა, სადაც აქტიურად გაგრძელდება ხვალიდანაც სამუშაოები. ეს ის ლოკაციაა, სადაც დაახლოებით 5 ცხედარი იქნა ნანახი. ვიმედოვნებთ, რომ ხვალინდელი სამუშაოებიც გარკვეულ შედეგს მოგვცემს. ეს არის ის სიტუაცია რაც ამ დროისთვის შემიძლია გითხრათ სამუშაოებთან დაკავშირებით, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. ამასთან, როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, ხვალ სტიქიის ეპიცენტრში დაკარგულთა ოჯახის წევრებს ვერტმფრენით ჩაიყვანენ.
"დღეს, შედგა შეხვედრა სტიქიის შედეგად დაკარგულების ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან. ჩვენს მიერ მოხდა ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, თუ რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს და როგორია ხვალინდელი გეგმის სტრატეგია. ხვალ ვაპირებთ მათ ეპიცენტრში შეყვანას, ეს მოხდება ვერტმფრენის საშუალებით, რადგან საფრთხე მაღალია, ფეხით შესვლის შემთხვევაში," - აღნიშნა მღებრიშვილმა.