სტიქია კახეთში გამთენიისას დაიწყო. ძლიერმა ქარმა და წვიმამ გურჯაანსა და სიღნაღში რამდენიმე სოფელი დააზარალა. დაიტბორა და მოგლეჯილი ხეებით ჩაიხერგა გზები, სახურავის გარეშე დარჩა 40-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი. ერთ-ერთი ლოკაცია გურჯაანში, სოფელი ვეჯინია, სადაც ქარისა და წვიმის შედეგად რამდენიმე ოჯახი დაზარალდა.
კიდევ ერთი დასახლება, სადაც სტიქიამ პრობლემები შექმნა, გურჯაანში, კოტეხის უბანია. ძლიერმა ქარმა მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა. დაზარალებული აქაც რამდენიმე ოჯახია.
სტიქიამ დააზარალა კარდენახიც, სადაც გზებზე პრობლემები შეიქმნა. ძლიერი წვიმის დროს, რამდენიმე სახლი დაიტბორა სიღნაღის სოფელ მაშნაარში.
სტიქიამ გაზსადენი მილი და ელექტრო გადამცემი ხაზებიც დააზიანა. შედეგად, აბონენტების ნაწილი ელექტრო ენერგიის და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. შექმნილი პრობლემების გადაჭრის მიზნით, ადგილობრივი მერია და სამაშველო სამსახურები დილიდან მუშაობენ.
გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები სტიქიის ზონაში ამ დრომდე გრძელდება. პარალელურად მიმდინარეობს ზარალის აღწერაც.