26 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
კახი კალაძე კახა ოქრიაშვილზე: ეს არის ნაძირალა, რომელიც მზადაა იკადროს და გააკეთოს ყველაფერი

თბილისის მერი კახი კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლის, კახა ოქრიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თითქოს კალაძის ოჯახის სტიქიის ზონიდან გამოსაყვანად საგანგებოდ ააფრინეს ვერტმფრენი.

კახი კალაძის თქმით, მისი სამი არასრულწოვანი შვილი მართლაც იმყოფებოდა შოვში, თუმცა მათ ტერიტორია სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვეს. კახი კალაძის თქმით, ეს არის მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაცია.

"ეს გახლავთ ნაძირალა ადამიანი, რომელსაც შეუძლია იკადროს და გააკეთოს ყველაფერი. მე თავს შევიკავებ ოქრიაშვილზე საუბრისგან. საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არის, რას წარმოადგენს და როგორი ნაძირალაა.

ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილი ისვენებდა შოვში ორი კვირის განმავლობაში. ეს მართლაც ასე იყო და ყოველ ზაფხულს ჩვენ ვსტუმრობდით რაჭას. ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს ამ მხარის მიმართ. გუშინ არდადეგები დამთავრდა. ვიდრე სტიქია დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს აღნიშნული ტერიტორია, სასტუმრო.

მადლობელი ვარ ღმერთის, რომ გადამირჩინა შვილები. ვთქვათ, იქ რომ ყოფილიყვნენ ჩემი შვილები, უნდა დაეტოვებინათ სამაშველო ღონისძიების დროს და არ უნდა ჩაესვათ ვერტმფრენში, არ უნდა გადმოეყვანათ? საერთოდ არ მესმის, რაზეა საუბარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამარცხვინოები ხართ, როდესაც ასეთ მიზანმიმართულ სიბინძურეს ავრცელებთ," – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა ოქრიაშვილის და მედიასაშუალებების ნაწილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს სასტუმრო "სანსეტ შოვის" მმართველი კომპანიის წარმომადგენელიც.
ანა მურადაშვილი, რომელიც სტიქიის დროს თავადაც "სანსეტ შოვში" იმყოფებოდა, "რუსთავი 2"-თან ამბობს, რომ თბილისის მერის ოჯახმა სასტუმრო გუშინ, ჯერ კიდევ სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, საკუთარი ავტომობილით დატოვა.

"კახი კალაძის ოჯახის წევრები ნამდვილად იყვნენ ჩვენი სტუმრები, თუმცა მათ სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვეს სასტუმრო. ამ დრომდე ჰქონდათ მათ ჯავშანი და 12:00 საათისთვის უკვე მოხდა ჩექაუთი. ისინი ჩვეულებრივ საკუთარი ავტომობილით გაემგზავრნენ. რაც შეეხება უკვე სტიქიის შემდგომ პერიოდს, მე პირადად ვიყავი ადგილზე, სულ ვიმყოფებოდით 40 ადამიანი, პერსონალის და სტუმრების ჩათვლით, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც. ვერტმფრენი რომ მოვიდა, პირველ რიგში მოხდა იმ ადამიანების ევაკუაცია, რომელთაც გადაუდებელად ესაჭიროებოდათ დახმარება, შემდეგ კი გამოგვიყვანეს სხვები. ამჟამად ყველა უვნებლად არის და საბედნიეროდ, მშვიდობიანად გამოვედით," - ამბობს ანა მურადაშვილი.

დღის ამბები