26 ნოემბერი 2024,   07:32
ვრცლად
დაახლოებით 50 ადამიანთან კავშირი ვერ ხერხდება და უცნობია მათი ადგილსამყოფელი - ინფრასტურუქტურის მინისტრი

რაჭაში, შოვში, სტიქიის შედეგებისა და ამ წუთებში იქ არსებული მდგომარეობის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ "კურიერის" სპეციალურ გამოშვებაში ისაუბრა. მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაახლოებით 50 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება და მათი ადგილსამყოფელის დადგენა.

"ამ მომენტისათვის 70-მდე მოქალაქე უკვე გამოყვანილია სტიქიის ზონიდან, 152 ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა, რომლებიც იმყოფებიან უკვე უსაფრთხო ადგილას და მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. უზრუნველყოფილი არიან ყველა აუცილებელი საჭიროებით და ხვალ უკვე დაგეგმილია მათი გადმოყვანა.

ამასთან, დაახლოებით 50 ადამიანია, რომელთანაც კავშირი ვერ ხერხდება," - განაცხადა ქარსელაძემ

მისივე თქმით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.

ამასთან, როგორც ქარსელაძე ამბობს, სტიქიის ზონიდან გარდაცვლილი 2 პირის გადმოსვენება ხვალ მოხდება.

"სტიქიის შედეგად დაზიანდა გზები, წაღებული არის 2 ხიდი და ამ მიმართულებით, მობილიზებულია ტექნიკა და კიდევ დაემატება. ხვალ დილიდან გაგრძელდება შესაბამისი სამუშაოები, ისევე, როგორც წაღებული ხიდების აღდგენა და საგზაო კომუნიკაციის აღსადგენად ყველა ზომა იქნება მიღებული. ადგილზე წარმოდგენილნი არიან ყველა შესაბამისი სამინისტროს წარმომადგენლები. ასევე აქ არიან გეოლოგები, ინჟინრები, რომლებიც ხვალ დილით ხელახალ შესწავლას აპირებენ აღნიშნული არეალის. რეალურად კეთდება ყველაფერი რომ მაქსიმალურად ეფექტური იყოს ყველა ძალისხმევა.

სამწუხაროდ, 2 ცხედარი არის აღმოჩენილი, რომელთა გადმოსვენება უკვე ხვალ განხორციელდება და შემდგომ უკვე პროცედურების დაცვით მოხდება მათი იდენტიფიცირება," - განაცხადა მინისტრმა "კურიერთან".

 

 

დღის ამბები