26 ნოემბერი 2024,   07:54
ვრცლად
რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურებულია 40 000 ტონა მარცვლეული - თავდასხმამ მსოფლიო ბაზარზე სურსათის ფასების ზრდა გამოიწვია

უკრაინის მთავარ შიდა პორტზე, რუმინეთის საზღვართან განხორციელებული თავდასხმის შედეგად, განადგურებულია 40 000 ტონა მარცვლეული, რომელიც აფრიკის ქვეყნებისთვის, ასევე ჩინეთისა და ისრაელისთვის იყო განკუთვნილი. თავდასხმამ მსოფლიო ბაზარზე სურსათის ფასების უფრო მეტი ზრდა გამოიწვია. მოსკოვის მიზანი, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის გართულებაა.

უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც რუსეთი თავს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო და საპორტო ინფრასტრუქტურას ესხმის. ეს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უარი თქვა შეთანხმების გაგრძელებაზე, რომელიც საშუალებას იძლეოდა ომის დროს, უკრაინის პორტების გამოყენებით, მარცვლეული შავი ზღვის გავლით გასულიყო საერთაშორისო ბაზარზე. კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთი მზად არის, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს შავი ზღვის "მარცვლეულის შეთანხმებას", თუმცა აუცილებელია შესრულდეს შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც მოსკოვს ეხება.

უკრაინის პორტებში მომხდარი თავდასხმების მიუხედავად, გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ოპტიმიზმს ინარჩუნებს. ლინდა თომას გრინფილდი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, რუსეთი მზად არის შავი ზღვის "მარცვლეულის შეთანხმების" მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს.

რუსეთი დათმობაზე წასვლას არ აპირებს, თურქეთი კი ცდილობს, მისი და გაერო-ს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება გადაარჩინოს. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ შეთანხმების დიდი ხნით შეჩერება სარგებელს არავის მოუტანს. თუმცა საწინააღმდეგოს ფიქრობენ ექსპერტები.

უკრაინა ზარალს არამხოლოდ მარცვლეულის შეთანხმების ჩავარდნით, არამედ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან უკრაინული მარცვლეულის აკრძალვითაც განიცდის. ამ საკითხმა ბზარი უკრაინა-პოლონეთის დიპლომატიურ ურთიერთობებშიც შეიტანა. პოლონეთის პრემიერმა ოფიციალური კიევი უმადურობაში დაადანაშაულა და მოკავშირეების დაფასებისკენ მოუწოდა.

ვარშავა კვლავ ითხოვს ევროკავშირთან შეთანხმებით უკრაინული მარცვლეულზე შეზღუდვები გახანგრძლივდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლონეთი მზადაა, უკრაინული პროდუქციის იმპორტი ცალმხრივად აკრძალოს.

უკრაინის პროდუქციის ბლოკადის საკითხს აფასებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილიც, რომელიც ფიქრობს, რომ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის სუბსიდია სრულიად საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ უკრაინული ხორბლის ექსპორტმა ცენტრალური ევროპის ქვეყნებს პრობლემა არ შეუქმნას და უკრაინამაც ხორბლის თავისუფლად რეალიზება მოახერხოს. ფილოსოფოსისთვის გაუგებარია, რა დატვირთვა აქვს უკრაინის სამხედრო დახმარებას, თუ მეორეს მხრივ, კიევს ეკონომიკურ თემებზე ევაჭრებიან. მისი აზრით, უკრაინა ინტერესების მსხვერპლია და კიევს რუსეთისა და ევროკავშირის დასასუსტებლად, თავის გაწირვის უმძიმესი მისია აქვს დაკისრებული.

დღის ამბები