26 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
პარალელი ტრამპის ბრალსა და საქართველოში ოპოზიციის ქმედებებს შორის - რა კონტრბრალდებით პასუხობენ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ოპოზიციაში

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბრალსა და საქართველოში ოპოზიციის ქმედებებს შორის პირდაპირ პარალელს ავლებს. ნიკოლოზ სამხარაძე დარწმუნებულია, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" პარალელური დათვლის შედეგები მიზანმიმართულად გააყალბა, რაც ოპოზიციისთვის საფუძველი აღმოჩნდა, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად.

ბრალდებების საპასუხოდ, ოპოზიცია "ქართული ოცნებას" კონტრბრალდებებს უყენებს. მმართველი პარტიის ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლება არასამთავრობო სექტორის დისკრედიტირებას ცდილობს.

კოლეგებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს გიორგი გახარიას გუნდის წევრს, მიხეილ დაუშვილს. დეპუტატი ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.

ISFED-მა პარალელური დათვლის შედეგები 2020 წლის 1 ნოემბერს წარადგინა. ორგანიზაციაში მაშინ თქვეს, რომ საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში დისბალანსი აღმოჩნდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილი იყო ბათილი ბიულეტენებიც, რამაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული პროცენტები შეცვალა. შიდა აუდიტის ჩატარების შემდეგ ორგანიზაციამ შეცდომა აღიარა და აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა. სახელისუფლებო გუნდის ლიდერები დღესაც კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ საზოგადოების წინაშე "ისფედმა", დონორ ორგანიზაციასთან ერთად, დამატებითი განმარტებები უნდა გააკეთოს.

"კურიერმა" ორგანიზაცია USAID-ს კითხვით მიმართა, რაზეც საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციამ დღის ბოლოს წერილობითი პასუხი გასცა.

USAID-ში აცხადებენ, რომ ბრალდებები თითქოს პარალელური დათვლის შედეგები მიზანმიმართულად იყო გაყალბებული არის 100%-ით მცდარი და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ამავე დროს ორგანიზაცია "ისფედის" დისკრედიტაციის მცდელობას. USAID-ში აქცენტს აკეთებენ იმ ფაქტზე, რომ 2021 წლის არჩევნებზე უკვე "ისფედმა" მიიღო მაკორექტირებელი ზომები და ადგილობრივი არჩევნებისთვის პივიტი წარმატებით ჩაატარა.

დღის ამბები