მსოფლიოში შეცვლილი უსაფრთხოების არქიტექტურა და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, რა როლი აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებაში - ეს ის მთავარი საკითხი იყო, რასაც პრემიერ-მინისტრმა მოხსენების დიდი ნაწილი დაუთმო. სუს-ის დაარსების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა უწყების ხელმძღვანელს და თანამშრომლებს პროფესიული იუბილე მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება სამსახურის ეფექტური მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულებს. უწყების თანამშრომლებს, მადლობა გადაუხადა გრიგოლ ლილუაშვილმაც - ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისთვის, რაც სუს-ის უფროსის განცხადებით, მთავრობის მთავარი პრიორიტეტია.
გრიგოლ ლილუაშვილმა, უსაფრთხოების სამსახურის მე-8 წლისთავთან დაკავშირებით, თანამშრომლებიც დააჯილდოვა. მათი საქმიანობის შესახებ სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემაც ისაუბრა. მისი თქმით, უწყების მუშაობის მთავარი შედეგი, ქვეყანაში მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოა, რაც თავის მხრივ, ეკონომიკაზეც აისახება.
გეოპოლიტიკური გარემოს ცვლილებამ, საგარეო უსაფრთხოების რისკები რომ გაზარდა, ამაზე ვრცლად პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა, აქცენტი ხელისუფლების პრაგმატულ პოლიტიკაზე გააკეთა და განმარტა, რომ არსებული საფრთხეების პრევენციის მიმართულებით, უსაფრთხოების სამსახურს განსაკუთრებული როლი აქვს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, დამოუკიდებელ სისტემად, 2015 წლის აგვისტოდან ფუნქციონირებს.