26 ნოემბერი 2024,   07:52
ვრცლად
შვილების თვალწინ მოკლული 40 წლის ქალი და 18 წლიანი პატიმრობა მოძალადე მამამთილს - "კურიერმა" საქმის დეტალები მოიპოვა

ახალგაზრდა ქალი, რომელიც დედამთილს მამამთილისგან იცავდა, ოჯახურ კონფლიქტს თავად შეეწირა. ლევან ბალაძემ სოფელ სალიბაურში მდებარე საკუთარ სახლში რძალს სანადირო თოფიდან ესროლა. ბათუმის სასამართლომ მას განზრახ მკვლელობის ბრალდებით 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლული ქალის საქმეზე "კურიერმა" დღეს ახალი დეტალები გაარკვია. მოვიპოვეთ ექსპერტიზის დასკვნაც, სადაც წერია, რომ 40 წლის თამარ ჯიქიძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა ზურგიდან აქვს მიყენებული, დაზიანებულია გული, ფილტვები და ნეკნები.

მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახში დღეს ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს, მათ შორის არც მოკლულის დედამთილმა, რომლის დაცვას ახალგაზრდა ქალი შეეწირა. მომხდარზე საუბარი არ სურთ ადგილობრივებსაც.

ბრალდებულმა სასამართლოში დანაშაული ნაწილობრივ აღიარა, თუმცა დღესაც ამტკიცებს, რომ რძლის მოკვლა განზრახული არ ჰქონია. ადვოკატი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრებას მეორე ინსტანციაში გეგმავს.

პროკურორი "კურიერთან" ამბობს, რომ ბრალდებულის და მისი ადვოკატის პოზიციას საქმეში არსებული მტკიცებულებები გამორიცხავს. საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა რძალი მიზანმიმართულად მოკლა. პროკურატურის პოზიცია სარწმუნოდ მიიჩნია სასამართლომაც.

სასამართლოში პროკურატურამ წარადგინა დანაშაულის იარაღი, სახლში დამალული ვაზნები და ადგილიდან ამოღებული სხვა მტკიცებულებები. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ლევან ბალაძე ციხეში 18 წლით დარჩება.

დღის ამბები