26 ნოემბერი 2024,   07:56
ვრცლად
5 საათიანი სამაშველო ოპერაცია რაჭაში - რა მასშტაბის სტიქია დაატყდა თავს ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარე კურორტ შოვს

დამსვენებლები, რომლებიც სტიქიამ გარე სამყაროს მოწყვიტა, მეწყერსაშიში ზონიდან უკვე გამოყვანილები არიან. 5 საათიანი სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა - არავინ დაშავებულა, თუმცა ზარალი დიდია.

მასშტაბური სტიქია დღეს 4 საათზე სოფელ შოვის თავზე მთის ნაწილის ჩამოშლით დაიწყო, მას წინ უძღოდა მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებელი წვიმა, მოწყვეტილი მასა მდინარე ჭანჭახს შეუერთდა და ძლიერი მეწყრული პროცესები განვითარდა. რამდენიმე წუთში წყლის ნიაღვარმა მოგლიჯა ხეები, წაიღო ხიდები, სამანქანო გზები და ავტომობილებიც. გარე სამყაროს მოწყვეტილები ერთმანეთის გადარჩენას ცდილობდნენ.

თავდაპირველად უცნობი იყო, ადგილზე ჩარჩენილებიდან ყველა უვნებლად გადარჩა თუ არა. ვრცელდებოდა ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ. ერთ-ერთი პირველი, ვინც სტიქიის ზონაში მყოფებთან კომუნიკაცია შეძლო "კურიერი" იყო. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ტურისტული სეზონის გათვალისწინებით მომხდარი სტიქიის გამო პანიკა იყო მიმდებარე სოფლებში მყოფ დამსვენებლებშიც.

მოვარდნილმა მეწყერმა შოვი მნიშვნელოვნად დააზარალა. დაზიანდა სასტუმროები, ელექტროგადამცემი ხაზები, მაგრამ ყველაზე მეტად დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა. სოფელში გადაადგილება შეუძლებელია. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული სარმის ხიდი სრულად პარალიზებულია.

მომხდარის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება კურორტ შოვსა და სოფელ გლოლას, ტექნიკური ჯგუფები სტიქიის ზონაში მუშაობას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც საავტომობილო გზებზე გადაადგილება შესაძლებელი გახდება.

ადგილზე შესაბამის სამსახურებთან ერთად იმყოფებიან, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.

სპეციალისტების თქმით, სტიქიის განმეორების საფრთხე რაჭაში ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა მეტეოროლოგები მომდევნო 24 საათის განმავლობაში კვლავ წვიმას ვარაუდობენ.

სტიქიის ზონაში ამ დრომდე რჩება სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, მობილიზებულია პოლიციაც. ავიაციამ მუშაობა უკვე დაასრულა. ადამიანების ევაკუაციის შემდეგ, დაგეგმილია ტერიტორიის გაწმენდითი და საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები.

 

დღის ამბები