ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პროკურატურამ, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული, 27 წლის ნათია ბახტაძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა. დაკავებული 1998 წელს დაბადებული აინარ ცვიჟბაა, ის ქალაქ ოჩამჩირის მკვიდრია.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულმა ბრალი აღიარა. როგორც ბრალდებული ჩვენებაში ამბობს, მან გოგო ჯერ ავტომობილში მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით კი, ცხედარი მდინარე ენგურში, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ჰესის კასკადში გადააგდო.
ე.წ პროკურატურის ინფორმაციით, ამ დროისათვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.