26 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
პირველი ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა - ნათია იოსელიანი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე, პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.

იოსელიანის თქმით, წევრობის მსურველების განაცხადების მიღება, დღეს დაიწყო.

"როგორც ყოველთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა საარჩევნო პროცესი, მათ შორის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევა, ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს. საარჩევნო ადმინისტრაციაში ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ამჯერადაც უზრუნველყოფილი იქნება კანდიდატების შერჩევის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა - კომისიის წევრობის მსურველებთან გასაუბრება ღიად, ლაივ რეჟიმში განხორციელდება. ჩართულ მხარეებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გასაუბრებას უშუალოდ დააკვირდნენ ცესკოს ოფიციალური სოციალური ქსელების მეშვეობით. მოვუწოდებთ მათ აქტიურად ჩაერთონ პროცესში. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ამ არჩევნებზეც ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს და ჩართული მხარეების აქტიური მონაწილეობა, დაკვირვება საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება კონკურსის დეტალებს - კონკურსი გამოცხადებულია №12 გურჯაანის, №30 კასპისა და №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილია. მივმართავთ დაინტერესებულ პირებს, იაქტიურონ და დროულად შემოიტანონ საკონკურსო დოკუმენტაცია.

აქვე შეგახსენებთ, რომ საბუთები მიიღება დღეს და ხვალ 18:00 საათის ჩათვლით როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე, საკონკურსო სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე, ინფორმაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ მიმართოთ კონტაქტ-ჰაბს - 2 51 00 51“, - განაცხადა პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა.

დღის ამბები