საქართველოს ელჩის შემდეგ, ოფიციალურ კიევს პრეტენზიები პოლონელი დიპლომატის მიმართ გაუჩნდა. უკრაინის ხელისუფლებას არ მოეწონა პოლონეთის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადება, სადაც მარჩინ ფშიდაჩმა თქვა, რომ კარგი იქნება, თუ კიევი პოლონეთის დახმარების როლს დააფასებს. ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს.
კიევის გადაწყვეტილება დაგმეს ვარშავაში. პრემიერ-მინისტრის თქმით, პოლონეთისთვის სხვა სახელმწიფოს ინტერესები არასდროს დადგება მათი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა.
პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკის შემდეგ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმაც გააკეთა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური მომენტები უკრაინელ და პოლონელ ხალხს შორის ურთიერთობას არ გააფუჭებს.
პოლიტიკურ ფრონტთან შედარებით უფრო ცხელია ბრძოლის ველი. რუსულმა ძალებმა დღეს დილით ოდესის პორტსა და მარცვლეულის საწყობებზე დრონებით მიიტანეს იერიში. თავდასხმას ხანძარი და მარცვლეულის ნაწილის განადგურება მოჰყვა.
მოსკოვს კიევის განადგურება რომ ისევ სურს, ამას უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმების სიხშირე ადასტურებს. მხოლოდ დღეს საოკუპაციო ძალებმა 10-ზე მეტი დრონით შეუტიეს კიევს. თუმცა, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვითმა სისტემებმა ყველა მათგანი გაანადგურა. რუსეთის არმიამ დაბომბა ხერსონის ოლქიც, სადაც ოკუპანტების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა - არიან დაშავებულები.
ფრონტზე კი აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის არმია ბახმუტის მიმართულებაზე შეტევით მოქმედებებს განაგრძობს. უწყებაში ამბობენ, რომ რუს სამხედროებს ბახმუტის სამხრეთით პოზიციების დატოვება მოუწიათ. მძიმე ბრძოლები ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებითაც გრძელდება. სწორედ ამიტომ, უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიოს ისევ იარაღით დახმარებას სთხოვს.
ომის დაწყებიდან 525-ე დღეს უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთს ფრონტზე დაახლოებით 247 230 სამხედრო დაეღუპა. დანაკარგებთან დაკავშირებით მოსკოვი ცნობებს ტრადიციულად არ ავრცელებს.