26 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
ვაშაძე თუ ხაბეიშვილი - სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი შეთავაზების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრობისთვის მზად არის

გიორგი ვაშაძე შეთავაზების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის კანდიდატობისთვის მზად არის. ფიქრობს, რომ აქვს სათანადო რესურსიც და ლიდერის თვისებებიც. "ნაციონალურ მოძრაობაში" დაბრუნებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის სტრატეგია, ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნაა. ვაშაძე ამტკიცებს, რომ ის პოლიტიკურად დამოუკიდებელი ფიგურაა.

ვაშაძის განცხადებების შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობაში" მკაფიოდ დაიწყეს იმის განმარტება, ვინ არის პარტიის რეალური ლიდერი. მოქმედი თავმჯდომარის გუნდი ლევან ხაბეიშვილზე მიუთითებს, პარტიის ძველი წევრები კი საერთო ლიდერად მიხეილ სააკაშვილს ასახელებენ, თუმცა ყველა ადასტურებს, რომ გიორგი ვაშაძის პრემიერ-მინისტრად დასახელება არც კი განხილულა.

"ნაციონალური მოძრაობის" მეორე ფლანგში, ნიკა მელიას გუნდში კი არ გამორიცხავენ, არაფორმალური მმართველების სტრატეგია ლიდერის ჩანაცვლება იყოს. პარტიის ჯერ კიდევ მოქმედ წევრებს, ჩრდილოვანი კაბინეტის იდეაც არასერიოზულად მიაჩნიათ. ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეები პარტიაში ვაშაძის და უკვე ჭიაბერაშვილის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის სხვა ძველი სახეების დაბრუნებასაც ელოდებიან.

"ნაციონალური მოძრაობიდან" უკვე წასულებსაც და მათ კოლეგებსაც უკვირთ, ურთიერთბრალდებების ფონზე როგორ მიიღო გიორგი ვაშაძე სააკაშვილის გუნდმა. ამბობენ, რომ ლიდერის ჩანაცვლების გეგმა არ იმუშავებს, გაერთიანების შედეგი კი მხოლოდ საარჩევნო სიაში პარტიული ცვლილებები იქნება. ვინც ნაციონალურ მოძრაობას კარგად იცნობს, ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პარტიამ შესაძლოა არა ვაშაძე, არამედ მიხეილ სააკაშვილი წარადგინოს.

პრემიერ-მინისტრობაზე მეოცნებე პოლიტიკოსის სურვილები, რომელსაც განხორციელება არ უწერია - ასე აფასებს ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის და იქ დაბრუნებული გიორგი ვაშაძის გეგმებს.

ერთობა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" ცოტა ხნის წინ გააფორმეს და მას შემდეგ გაერთიანებულ პოლიტიკურ ჯგუფს ორი ლიდერი ჰყავს - ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე. ვინ აიღებს სადავეებს ხელში წინასაარჩევნოდ - ამის გასარკვევად დრო 2024 წლის არჩევნებამდე აქვთ.

დღის ამბები