26 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
რეგიონული თეატრების IX საერთაშორისო ფესტივალი სენაკის თეატრში 1 აგვისტოს გაიხსნა

რეგიონული თეატრების IX საერთაშორისო ფესტივალი სენაკის თეატრში 1 აგვისტოს გაიხსნა - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლით „რომეო და ჯულიეტა“  რეგიონული თეატრების IX საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო. ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, თეატრალური სფეროს წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

1-7 აგვისტოს ფესტივალს სენაკისა და ფოთის მუნიციპალიტეტები უმასპინძლებენ. ფესტივალში ქართულ რეგიონულ თეატრალურ დასებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სამი უცხოური დასი ირანიდან, იაპონიიდან და სომხეთიდან.

2023 წელი უდიდესი დრამატურგის, უილიამ შექსპირის, წლად არის გამოცხადებული და მთელი მსოფლიო ზეიმობს „პირველი ფოლიოს“ 400 წლისთავს. რეგიონული თეატრების IX საერთაშორისო ფესტივალიც სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღს ეხმაურება და მხოლოდ უილიამ შექსპირის პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლები იქნება წარმოდგენილი.

გარდა სპექტაკლებისა, ფესტივალი იმ თეატრების ახალგაზრდა მსახიობებს, რომლებიც საფესტივალო პროგრამაში არ მონაწილეობენ, სთავაზობს მასტერკლასების სერიას სამსახიობო ოსტატობაში, რომელსაც მათთვის ჩაატარებენ ამერიკიდან მოწვეული რეჟისორები: დიმიტრი ტროიანოვსკი (რეჟისორი, ბრენდაის უნივერსიტეტის თეატრალური მიმართულების პროფესორი), ადრიან გიურეა (რეჟისორი, კოლგეიტის უნივერსიტეტის თეატრალური დეპარტამენტის პროფესორი), სომონა გიურეა (კოლგეიტის უნივერსიტეტის თეატრალური დეპარტამენტის სამსახიობო ხელოვნების პედაგოგი).

ცნობისთვის, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ 2015 წელს ქალაქ ფოთში დაფუძნდა, მას შემდეგ წარმატებით იმართება და ყოველწლიურად ახალ, საინტერესო წარმოდგენებს სთავაზობს მაყურებელს.

ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ”დღეს”. რეგიონული თეატრების IX საერთაშორისო ფესტივალი 7 აგვისტოს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში დამთავრდება სპექტაკლით „ქალიშვილები“ (უილიამ შექსპირის „მეფე ლირის” მიხედვით).

დღის ამბები