უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება - რუსულმა ძალებმა დღეს დილით ოდესის პორტსა და მარცვლეულის საწყობებზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, გაჩნდა ხანძარი. 10-ზე მეტი დრონით შეუტიეს რუსებმა კიევს, უკრაინელებმა ყველა მათგანი გაანადგურეს. თავდასხმა იყო ხერსონის მიმართულებითაც, სადაც 2 ადამიანი დაშავდა.
პარალელურად პოლონეთსა და კიევს შორის საყვედურები ისმის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მკაცრად დაგმო პოლონეთის ელჩის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება. მატეუშ მორავიეცკის ზელენსკიმ უპასუხა.
"ოკუპანტები ძალიან მალე იგრძნობენ ჩვენი მუშაობის შედეგებს. ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში ახალი პოლიტიკური სეზონის დაწყებამდე ერთი თვე რჩება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სეზონი მაქსიმალურად იყოს ხელსაყრელი ჩვენი წინსვლისთვის, გამარჯვებისთვის, სურვილის ასრულებისთვის, აღვადგინოთ მშვიდობა მთელ უკრაინაში, გამონაკლისის გარეშე. მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მეტი იარაღი ჩვენი მეომრებისთვის. ტერორისტული სახელმწიფოს სრული პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც მან ჩაიდინა უკრაინის, ჩვენი ქალაქების, სოფლებისა და ხალხის წინააღმდეგ," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ოფისის ხელმძღვანელმა, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ კიევი პოლონეთის დახმარების როლს დააფასებს. ამ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ოფისში უსაფუძვლო უწოდეს და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი დაიბარეს. ამის შემდეგ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს.
"დიდად ვაფასებთ პოლონეთის ისტორიულ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენთან ერთად ევროპის ნამდვილ ფარად იქცა ზღვიდან ზღვამდე და ამ ფარში არ შეიძლება ერთი ბზარიც იყოს" - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ზელენსკი პოლონეთში ოფიციალური კიევის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა იბრძვის თავისი თავისუფლებისთვის და მთელი ევროპის თავისუფლებისთვის და მადლობელია ყველა ქვეყნის, ვინც ეხმარება.
"არ დავუშვებთ, რაიმე პოლიტიკურმა მომენტებმა გააფუჭოს ურთიერთობა უკრაინელ და პოლონელ ხალხებს შორის და ემოციები აუცილებლად უნდა დაცხრეს," - აღნიშნა ზელენსკიმ.