26 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
პოლონეთის პრემიერი კიევს აკრიტიკებს - “არცერთი სხვა ქვეყნის ინტერესი არ დგას პოლონეთის ინტერესებზე მაღლა“

პოლონეთის პრემიერ მინისტრი მატეუშ მორავიეცკი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის დაბარებას “ტვიტერის“ გვერდზე გამოეხმაურა. მორავიეცკი ოფიციალურ კიევს აკრიტიკებს და წერს, რომ არცერთი სხვა ქვეყნის ინტერესი არ დგას პოლონეთის ინტერესებზე მაღლა.

“პოლონეთის ელჩის - იმ ქვეყნის წარმომადგენლის, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც დარჩა კიევში რუსეთის შემოჭრის შემდეგ - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახება, არასოდეს უნდა მომხდარიყო.

საერთაშორისო პოლიტიკაში, მიმდინარე ომის პირობებში და იმ უზარმაზარი მხარდაჭერის გათვალისწინებით, რომელიც პოლონეთმა გაუწია უკრაინას, ასეთი შეცდომები არ უნდა მოხდეს.

ჩვენ მუდამ დავიცავთ პოლონეთის რეპუტაციას, მის უსაფრთხოებას და არცერთი სხვა ქვეყნის ინტერესი არასოდეს დადგება პოლონეთის რესპუბლიკის ინტერესებზე მაღლა“, - წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი მას შემდეგ დაიბარეს, რაც პოლონეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა კიევს “გაწეული დახმარების დაფასება ურჩია“.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთკრიტიკა უკრაინიდან სოფლის მეურნეობის რიგი პროდუქტების იმპორტის აკრძალვას უკავშირდება.

15 სექტემბერს უკრაინიდან სოფლის მეურნეობის 4 პროდუქტის იმპორტზე ევროკავშირის აკრძალვა სრულდება. თუმცა, პოლონეთი და სხვა ქვეყნები - ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი - ითხოვენ ამ აკრძალვის გაგრძელებას. პოლონეთის მთავრობა ირწმუნება, რომ თუ ეს აკრძალვა არ გაგრძელდება, საზღვრებს თავად დახურავს.

პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა აღნიშნა, რომ პოლონეთი მზად არის ცალმხრივად აკრძალოს უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტი, თუ ევროკავშირი შეზღუდვებს არ გაახანგრძლივებს. ოფიციალური ვარშავა ამ გადაწყვეტილებას საკუთარი ქვეყნის ფერმერების ინტერესებით ხსნის, რომელთა პროდუქციის რეალიზებას უკრაინიდან დიდი მოცულობის იმპორტის გამო, შესაძლოა საფრთხე შეექმნას.

დღის ამბები