26 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
ომის 524-ე დღე უკრაინაში - ქალაქ კრივი-რიჰში, საცხოვრებელ კორპუსზე ბალისტიკური რაკეტებით შეტევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორისაა 10 წლის ბავშვი

მოსკოვი დილით აფეთქების ხმამ გააღვიძა. სამიზნე ამჯერადაც "მოსკვა-სითის" ცათამბჯენი იყო. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია შენობის გარე ფასადი. მოსკოვის მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის მიმართულებით 3 დრონი იყო გაშვებული. 2 მათგანი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა, ერთმა კი სამიზნემდე მიაღწია. მომხდარში ოკუპანტი ქვეყნის მთავრობა უკრაინას ადანაშაულებს. კიევი ჯერჯერობით დუმს. "მოსკვა-სითის" ცათამბჯენზე ეს უკვე მეორე შეტევაა. უპილოტო საფრენი აპარატით შენობას თავს 3 დღის წინაც დაესხნენ.

უკრაინის ქალაქ კრივი რიჰში კი გლოვაა გამოცხადებული. გლოვობენ 6 დაღუპულს, მათ შორის 10 წლის ბავშვს. საოკუპაციო ძალამ ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს ბალისტიკური რაკეტებით გუშინ შეუტია. მძიმედ დაშავდა 75 ადამიანი, აქედან 4 მცირეწლოვანია. ჩამონგრეულია ერთი სადარბაზოს 5 სართული. მიწასთან არის გასწორებული ქალაქის ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულებაც.

დილიდან ისმოდა აფეთქებების ხმა ხარკოვში, სადაც საერთო საცხოვრებლის 2 სართულია ჩამონგრეული. იერიშები მიიტანა აგრესორმა ხერსონზეც. დაიღუპა სამი ადამიანი, მათგან 2 ექიმია. დაშავდა 17. განადგურებულია სასწრაფო დახმარების ცენტრი.

მძიმე შეტაკებები იყო ღამე ფრონტის მთელ ხაზზე. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალის კონცენტრაციის 10 ზონაზე მიიტანეს იერიში. ძალოვან უწყებაში ამტკიცებენ, რომ აგრესორს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა როგორც ცოცხალი ძალის, ისე შეიარაღების კუთხით.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე უკრაინელმა სამხედროებმა 247 000-მდე ოკუპანტი გაანადგურეს. ძალოვან უწყებაში ამბობენ, რომ რუსული არმია დემორალიზებულია, ჯარისკაცების ნაწილი ბრძოლაზე უარს აცხადებს. ამ ინფორმაციას ადასტურებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური. აქ აღნიშნავენ, რომ მოსკოვზე თავდასხმა და რუსულ არმიაში დაჩქარებული გაწვევის პროცესი იმას მოწმობს, რომ კრემლს აღარ აქვს რესურსი საკუთარი მოსახლეობა ომისგან დაიცვას.

უკრაინის მოსახლეობის დაცვაში პოლონეთის როლის არასათანადო დაფასების შესახებ ანდჟეი დუდას მრჩევლის განცხადება გახდა დიპლომატიური სკანდალის მიზეზი კიევში. ამ კომენტარის გამო დღეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლონელი დიპლომატი უწყებაში დაიბარა. მას განუმარტეს, რომ უკრაინელების მხრიდან უმადურობას ადგილი არ ჰქონია და მსგავსი განცხადებები მიუღებელია.

რამდენიმე დღის წინ პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველმა თქვა, რომ უკრაინამ უნდა დაიწყოს იმ როლის დაფასება, რომელსაც ვარშავა კიევის დახმარებაში ასრულებს. მანამდე, რამდენიმე კვირით ადრე, თითქმის ანალოგიური განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა.

დღის ამბები