26 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
ქართველმა სპორტსმენებმა უნივერსიადაზე, სამი მეტრიდან სინქრონულ ხტომაში მესამე ადგილი მოიპოვეს - ეს სპორტის ამ სახეობაში, საქართველოს ისტორიაში პირველი მედალია

მსოფლიოს 31-ე საუნივერსიტეტო თამაშებზე, რომელიც ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში მიმდინარეობს, ქართველმა სპორტსმენებმა სამი მეტრიდან სინქრონულ ხტომაში მესამე ადგილი დაიკავეს, რაც უნივერსიადაზე ამ სპორტის სახეობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მედალია.

3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომებში სულ 6 ნაკრები გამოდიოდა, მათ შორის, საქართველოც. ექვსი რაუნდის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა 343.17 ქულა დააგროვა და მხოლოდ მასპინძელ ჩინეთს და გერმანიას ჩამორჩა.

ჩენგდუში გაგრძელდა ძიუდოისტთა ტურნირიც. ქართველთაგან წარმატებას, მხოლოდ ზაურ დვალაშვილმა მიაღწია, რომელმაც მე-3 ადგილისთვის შეხვედრა, მონღოლ ძიუდოისტს მოუგო. მეოთხედფინალში უნგრელ მეტოქესთან მარცხის შემდეგ, დვალაშვილმა გზა ბრინჯაოს მედლისკენ რეპეშაჟიდან განაგრძო. მეოთხე საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს დელეგაციას სამი მედალი აქვს, სამივე ბრინჯაო.

საქართველოს წყალბურთელთა სტუდენტურმა გუნდმა, ტურნირის მეოთხე შეხვედრაში იტალიის ნაკრებთან 9:13 წააგო. მასპინძელი ჩინეთის, სამხრეთ კორეის და სლოვაკეთის დამარცხებით, ჩვენი ნაკრები სამი მოგებით ჯგუფში მეორე ადგილზეა. თითოეული ჯგუფიდან, მომდევნო ეტაპზე, 4 საუკეთესო ნაკრები გადის. მეოთხედფინალური შეხვედრები კი, 4 აგვისტოდან დაიწყება.

მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში წელს 40 ქართველი სტუდენტია წარმოდგენილი, რომლებიც ძიუდოში, წყალბურთში, წყალში ხტომასა და ცურვაში ასპარეზობენ. სპორტსმენები, საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები არიან.

დღის ამბები