26 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
ტრანსნაციონალური კონტრაბანდა - ჩეხეთში დაკავებულია 13-კაციანი ჯგუფი, მათ შორის 7 ქართველია

ჩეხეთში, ყალბი სიგარეტის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე დაკავებული 13-კაციანი ჯგუფიდან 7 ქართველია. ტრანსნაციონალური კონტრაბანდა სამი ქვეყნის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლობით აღკვეთეს. საუბარია კუსტარულად დამზადებულ 8.5 მილიონ ღერ სიგარეტზე და 111 მილიონ კრონაზე მეტი გადასახადების დამალვაზე.

ირკვევა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფება ჩეხეთში, სოფელ ჩერნოჟიცეში მოქმედებდა. გამოძიებამ საიდუმლო საწარმოდან, კუსტარულად დამზადებული დიდი ოდენობით სიგარეტის გარდა, სარეალიზაციოდ გამზადებული 22 ტონა ნედლი თამბაქოც ამოიღო. სპეცოპერაცია, ჩეხეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლების ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარდა.

"კურიერმა" ჩეხეთში დაკავებული საქართველოს 7 მოქალაქიდან 2-ის ვინაობა გაარკვია. ერთ-ერთი 32 წლის ბექა ქოქაშვილია, რომელიც საქართველოდან რამდენიმე წლის წინ წავიდა. "კურიერი" თბილისში, მის სახლში მივიდა. ოჯახს დაკავების დეტალებზე საუბარი არ სურს.

ჩენროჟიცეში, სპეცოპერაციით აყვანილებს შორის, 45 წლის შმაგი ქირიაცაა. "კურიერი" ხობში, მის მისამართზეც იმყოფებოდა. სახლი დაკეტილია. მეზობლებმა კი, ქირიას საქმიანობის შესახებ, არაფერი იციან.

ჩეხური მედიის ცნობით, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა, კონტრაბანდის საქმე, პოლონელი მებაჟეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გახსნეს. კუსტარული საწარმოდან, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანადგარი, რომელსაც შეუძლია წუთში 2500-მდე ღერი სიგარეტის წარმოება. სამართალდამცველებმა ბრალდებულებს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 5 მილიონამდე თანხა და ძვირადღირებული მანქანებიც ჩამოართვეს.
7 ქართველის გარდა, დაკავებულია უკრაინის 5 და ლიეტუვის ერთი მოქალაქე.

ჩეხეთთან ერთად, სიგარეტის კონტრაბანდის საქმეზე, 25 პირი დააკავეს სლოვაკეთსა და პოლონეთშიც. აქვს თუ არა სამ ქვეყანაში გამოვლენილ კონტრაბანდულ ქსელს ერთმანეთთან კავშირი, ამას გამოძიება დაადგენს. დაკავებულებს, მათ შორის, საქართველოს 7 მოქალაქეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები