26 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
"ქართული ოცნების" ყოფილი წევრები ამავე პარტიის წინააღმდეგ ერთიანდებიან - ვისთან აქვს დაწყებული კონსულტაციები ეკა ბესელიას და რა შანსი აქვს ახალ გაერთიანებას

"ქართული ოცნებიდან" წასულები, ამავე პარტიის წინააღმდეგ ერთიანდებიან. იდეის ერთ-ერთი ავტორი ეკა ბესელიაა, რომელიც მომდევნო მოწვევის პარლამენტისთვის ყოფილი თანაგუნდელებისგან ახალ გუნდს ამზადებს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი პარტიის შემადგენლობაში შევლენ თავად ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად ძიძიგური, დავით ჭიჭინაძე, თამარ ჩუგოშვილი. საუბარია, ასევე გიორგი გახარიაზე და ვარაუდობენ მოქმედ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსაც. კონსულტაციები რომ დაწყებულია, ამას თავად ბესელია არ უარყოფს, თუმცა დასახელებული გვარებიდან კომუნიკაციას მხოლოდ ყოფილ პრემიერთან ადასტურებს, რომლის წინააღმდეგაც ის პარლამენტის წინ აქციებშიც მონაწილეობდა.

გახარიას გუნდში სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან გაერთიანებას გამორიცხავენ. ამტკიცებენ, რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებენ, თუმცა იმავდროულად ამბობენ, რომ თანამშრომლობისთვის მზად არიან. ჰქონდა თუ არა გიორგი გახარიას ეკა ბესელიასთან კონსულტაცია - პარტია "საქართველოსთვის" წევრებს ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ.

დაანონსებულ მოძრაობასთან გაერთიანებას გამორიცხავს გია ხუხაშვილიც, რომელიც ასევე დასახელდა მმართველი პარტიის ყოფილი წევრების კოალიციის წევრად. ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი ახალ პარტიაში ვერც საკუთარ ადგილს ხედავს და ვერც ამ გაერთიანების შანსებს 2024 წლის არჩევნებისთვის.

სერიოზულად არც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე განიხილავს პარტიიდან წასულების პოლიტიკურ მომავალს. ირაკლი კობახიძის თქმით, გაერთიანების შემთხვევაში, მათი რეიტინგი 1 პროცენტსაც ვერ მიაღწევს.

"ოცნების" ყოფილი წევრების გაერთიანების პერსპექტივის მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობიდან" წასულებს სჯერათ, სხვებისთვის კი იმ ადამიანების ინტერესები, ვინც მმართველი გუნდი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზი დატოვეს, დამატებით კითხვებს აჩენს.

სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ ახალი გაერთიანება ახალი მცდელობაა, ოპოზიციამ საზოგადოებას მოჩვენებითი მრავალფეროვნება შესთავაზოს. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ პოლიტიკურ პარტიებსა თუ სუბიექტებს ერთნაირი დღის წესრიგი აქვთ და მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებთ.

2024 წლის არჩევნებამდე წელიწადზე მეტი დრო რჩება, გადაჯგუფება პარტიებმა კი უკვე დაიწყეს. ვინ ვისთან შეკრავს კოალიციას - ეს არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაზუსტდება, თუმცა, ამ მოცემულობით ჩანს, რომ "ნაციონალურ მოძრაობიდან" წასულები კვლავ ერთიანდებიან, "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები კი ახალ გაერთიანებას აანონსებენ.

დღის ამბები