26 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
ეკონომიკური წინსვლის გამო უკიდურესად შფოთავენ არაკეთილმოსურნეები, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მისი უცხოელი პატრონები, ამას უკავშირდება მათი ქსენოფობიური კამპანიები - ირაკლი კობახიძე

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ საქართველოს არაკეთილმოსურნედ "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" დაასახელა და თქვა, რომ ოპოზიციის ქსენოფობიური კამპანიები და პოლიტიკური პროვოკაციები საქართველოში ტურისტული ნაკადების ხელოვნურად შემცირებას ისახავს მიზნად. 

იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებსაც ირაკლი კობახიძე "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" უწოდებს, საპასუხოდ ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ხალხის პროტესტის დისკრედიტირებას ცდილობს. ოპოზიციის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი და პორტირებული წევრები, მმართველმა პარტიამ საკუთარ რიგებში უნდა ეძებოს.

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ქვეყნისთვის მიყენებულ ზიანზე საუბრობს "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი. სოზარ სუბარი საქართველოს პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლისა და გასამართლების პროცესის დაწყების ინიციატივით გამოვიდა.

ინიციატივა დასაწყისშივე განწირულია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისთვის, რომელთა განცხადებით, უმრავლესობას ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის უბრალოდ ეშინია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ქართული ოცნების ხელისუფლების საგარეო კურსის ცვლილებაზე აკეთებენ აქცენტს.

ოპოზიციის ქმედებებს, პროვოკაციად აფასებს მმართველი ძალა და ამბობს, რომ "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" საფარქვეშ მყოფი პარტიები, აქტივისტებთან ერთად, არეულობის მოწყობას გეგმავენ. "ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით, ამის ნათელი დადასტურება, გუშინ ბათუმში გამართული საპროტესტო აქციაა.

ტერმინი - "კოლექტიური ნაცმოძრაობა" დღეს, საკუთარ წერილში "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა ფილოსოფოსმაც ახსენა. ზაზა შათირიშვილი საუბრობს, "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში დაბრუნებულ გიორგი ვაშაძეზე. ის წერს, რომ ახალი როლისთვის ამერიკელები ვაშაძეს უკვე დიდი ხანია ამზადებენ, რადგან მას, როგორც უცხოელ აგენტს, უფროსების ნებისმიერი დავალების უყოყმანოდ შესრულება შეუძლია. შათირიშვილის აზრით, კარგი იქნება, თუ "კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ერთიანი სიით გავა საპარლამენტო არჩევნებზე, რადგან ამ ფორმით ამომრჩეველს დასკვნების გამოტანა და უცხოური აგენტურისთვის კუთვნილი ადგილის მიჩენა კიდევ უფრო გაუადვილდება.

დღის ამბები