თავისუფლების აღკვეთა, ფიზიკური და სექსუალური ძალადობა - მსხვერპლი 19 წლის გოგოა, სავარაუდო მოძალადე კი 24 წლის მამაკაცი, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა.
"კურიერმა" შემზარავი დანაშაულის საქმის მასალები მოიპოვა, რომლითაც ირკვევა, რომ მოძალადემ ახალგაზრდა ქალის გაუპატიურება განიზრახა. დოკუმენტების მიხედვით, ბრალდებულმა დაზარალებული 2 პირთან ერთად, ნაქირავებ ბინაში მოტყუებით აიყვანა, ალკოჰოლის მიღების შემდეგ კი, ოთახში ჩაკეტა და ფიზიკური ძალადობით, მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას სცადა. "კურიერმა" მსხვერპლი ქალის ჩვენების შინაარსი გაარკვია.
დოკუმენტებით ირკვევა, რომ ბინაში, სადაც დანაშაული ხდებოდა, მსხვერპლი ქალი და მისი მეგობარი, სავარაუდო დამნაშავემ ნათესავ მამაკაცთან ერთად აიყვანა. სამართალდამცველებმა ძალადობის ადგილზე მყოფები გამოჰკითხეს. მათი ჩვენებით, მსხვერპლის ყვირილის ხმა არ გაუგიათ, რადგან ბინაში მუსიკა მაღალ ხმაზე ჰქონდათ ჩართული. მსხვერპლის ყვირილი არც მეზობლებს გაუგიათ, თუმცა შეესწრნენ საგამოძიებო ექსპერიმენტს, როდესაც პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ადგილზე მიიყვანა.
დაკავებული ბრალს უარყოფს. "კურიერმა" ეს ჩვენებაც მოიპოვა. ბრალდებულის უდანაშაულობაში დარწმუნებულია მისი ადვოკატიც.
საპირისპიროს ამტკიცებს საგამოძიებო უწყება. ბრალის დადგენილების მიხედვით, დაკავებულის წინააღმდეგ, არაერთი მტკიცებულება არსებობს, მათ შორის მსხვერპლის სხეულზე არსებული დაზიანება. "კურიერისთვის" ცნობილია, რომ ექსპერტიზა უტარდება დაზარალებულის ტანსაცმელს, რომელზეც სავარაუდოდ მოძალადის ბიოლოგიური მასალა დარჩა.
სავარაუდო მოძალადის საქმის არსებით განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლო რამდენიმე დღეში დაიწყებს. მანამდე არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულს ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდეს. უკვე წარდგენილი საბრალდებო მუხლის საფუძველზე 24 წლის მამაკაცს 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება.