26 ნოემბერი 2024,   08:14
ვრცლად
ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა გრძელდება - ბრალდების მხარის ექსპერტის შეფასებით, ავტომობილი, რომლის დაწვასაც ბრალდებულს ედავებიან, 39 000 ლარის ღირებულების იყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7-8 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა გრძელდება. მორიგი პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო.

დღევანდელ სხდომაზე კითხვებს ბრალდების მხარის იმ ექსპერტმა უპასუხა, რომელმაც სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი შეაფასა. მოწმის განცხადებით, ავტომობილი, რომლის დაწვასაც ბრალდებულს ედავებიან, 39 000 ლარის ღირებულების იყო.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის განცხადებით, ამ ჩვენებით ლაზარეს ბრალეულობა არ გამოიკვეთა. მისივე თქმით, კადრებში ნამდვილად ჩანს, რომ ვიღაც პირი ავტომობილს აზიანებს, თუმცა მისი იდენტიფიცირება არ მომხდარა.

"ამ ჩვენებით ლაზარეს ბრალეულობა ვერ გამოიკვეთებოდა. ეს იყო სასაქონლო ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტი, რომელმაც უშუალოდ დაასაბუთა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, კერძოდ "ტოიოტ ქემრიზე" და "შკოდაზეა" ლაპარაკი, თუ რა დაზიანებები მიადგა და რა ღირებულების. ავტომობილს რომ აზიანებს ვინმე სუბიექტი, ამის კადრი ნამდვილად არსებობს საქმეში, მაგრამ თუ ვინ აზიანებს, ამის იდენტიფიცირება არ არის მომხდარი", - განაცხადა ლიკა ბითაძემ.

საქმის პროკურორის თქმით, ექსპერტმა შეაფასა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის ოდენობა და ბრალდების მხარეს აქვს მტკიცებულები, რომ ავტომობილს ცეცხლი ლაზარე გრიგორიადისმა წაუკიდა.

"ნივთის განადგურების ნაწილში მნიშვნელოვანია ღირებულების განსაზღვრა. ღირებულება განსაზღვრა ექსპერტმა. ეს ნივთი ცეცხლის წაკიდებით გაანადგურა თუ არა ბრალდებულმა? ბრალდების მხარეს ამასთან დაკავშირებით გააჩნია მტკიცებულებები - არსებობს სხვა ექსპერტიზის დასკვნები, არსებობს მოწმეთა ჩვენებებიც, წერილობითი მტკიცებულებები და ეტაპობრივად ყველა მტკიცებულება სასამართლოში იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა თამარ იაკობიძემ.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტს, მარტის აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მან ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი გამოიყენა.

დღის ამბები