ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის დაკავება თურქული მედიის მთავარი თემაა. 39 წლის გურამ ჩიხლაძე სტამბოლში სპეცოპერაციის დროს აიყვანეს. ქართულ-აზერბაიჯანული კლანის ერთ-ერთი ლიდერი 2016 წელს მოკლული კანონიერი ქურდის, როვშან ჯანიევის გარემოცვად მიიჩნევა და მის სახელთან დაკავშირებულია არაერთი მძიმე დანაშაული თურქეთში, რუსეთსა და ბალკანეთის ქვეყნებში.
მკვლელობები, ქურდული ანგარიშსწორებები, ფულის გამოძალვა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ბრალდებების, რასაც გურამ ჩიხლაძეს ედავებიან. ქართველი კრიმინალური "ავტორიტეტი", როგორც განსაკუთრებით საშიში დამნაშავე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება. სტამბულის უსაფრთხოების სამსახური ე.წ. კანონიერი ქურდის დაკავებას განცხადებით გამოეხმაურა.
გურამ ჩიხლაძე თურქეთში 2020 წელსაც დააკავეს. მასთან ერთად დააპატიმრეს დაჯგუფების 16 წევრი. მისი სახელი ფიგურირებს რამდენიმე კრიმინალურ ანგარიშსწორებაში თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში. მტკიცებულებების მიუხედავად, ჩიხლაძემ საპატიმროდან თავის დაღწევა შეძლო. მოსალოდნელი საფრთხის გამო ის სტამბოლში ბრონირებული მანქანით და შეიარაღებული დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა.
გურამ ჩიხლაძე ორჯერ იხდიდა სასჯელს რუსეთშიც. ის საქართველოში წლებია არ იმყოფება, თუმცა მხილებულია შურისძიების მოტივით საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში. 2014 წელს მოსკოვში ოჯახის წევრების თვალწინ ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილა დავით მელქაძე, რომელსაც წლების წინ მამის, ასევე ე.წ. კანონიერი ქურდის, ავთანდილ ჩიხლაძის მკვლელობაში ადანაშაულებდა.