26 ნოემბერი 2024,   08:14
ვრცლად
სააკაშვილის ორი ბიოლოგიური მასალა: ერთი ლეგალური, მეორე ექიმის წინდით მოპარული - რა მიზნით ჩამოვიდა პოლონელი ნეიროქირურგი საქართველოში

რა მიზნით გაჰქონდა არტურ ზაჩინსკის მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალა არალეგალურად, ექიმები ვერ ხსნიან. პოლონელი ნეიროქირურგის ფარულ მოქმედებას "ვივამედიც" სწავლობს. კლინიკური დირექტორის თქმით, საქმეში უკვე დევს 46 წლის ზაჩინსკის აღიარება, სადაც ის ადასტურებს, რომ წინდით ექს-პრეზიდენტის თმისა და ფრჩხილის ნიმუშები მალულად გაჰქონდა.

ნეიროქირურგის ფარულ მოქმედებებზე ვერსია არ აქვს, მიხეილ სააკაშვილის დედას, რომელიც ისევ პოლონელი ექიმების ოფიციალური განმარტების მოლოდინშია. გიული ალასანია 12 ივლისს კლინიკაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იხსნის და საქმის დეტალების გარკვევას პენიტენციური სამსახურისგან ითხოვს.

მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის ფარულად გატანის მიზანი, დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, ნიმუშების გაყალბება იყო. სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ სქემა, რომლითაც პოლონელი ექიმი მოქმედებდა წინასწარ დაგეგმილი იყო. ექსპერტები იქვე მიუთითებენ, რომ ნიმუშები წინდით გატანის შემთხვევაშიც, საკვლევად ნებისმიერ ლაბორატორიაში გამოდგებოდა, მისი ჩანაცვლება კი პოლონელ ექიმებს არ გაუჭირდებოდათ.

მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრები, რომლებიც პოლონელი ექიმების ჩამოსვლას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდნენ, ახლა ექიმის ფარული მოქმედების შეფასებას ერიდებიან და "ვივამედში" მომხდარ ინციდენტში, მნიშვნელოვან პრობლემას ვერ ხედავენ. პარტია პოლონური მხარისა და თავად ზაჩინსკის არგუმენტებს ელოდება.

46 წლის ნეიროქირურგის არალეგალურ მოქმედებას, არაკეთილსინდისიერი მიზნებით ხსნის მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ექიმის მიზანი სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გაყალბება იყო.

12 ივლისს, კლინიკა "ვივამედში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ოფიციალური განმარტება ამ დრომდე, არც პოლონურ მხარეს და არც ექიმებს გაუკეთებიათ.


ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები