სამი წლის მერცია სტამბულში, მძიმე დიაგნოზისა და დამარცხებული კიბოს გადასამოწმებლად წაიყვანეს. ოჯახს თურქეთში ბავშვის დიაგნოსტიკა, ოპერაცია და შემდგომი მკურნალობა რამდენიმე ასეული ათასი ლარი დაუჯდა. თანხების მობილიზება კი მარტივი არ იყო.
რემისიის დადგომით, ონკოლოგიური ისტორია არ სრულდება და ბავშვებს წლების განმავლობაში უწევთ სხვადასხვა კვლევების ჩატარება იმავე ქვეყანაში სადაც მკურნალობა გაიარეს. ეს ისევ, დამატებით სოლიდურ ხარჯებს გულისხმობს.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ქვეყნის შიგნით ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას აფინანსებს, არის დაავადების ის სტადიაც, როცა აუცილებელი ხდება საზღვარგარეთ მკურნალობა - ფასი სოლიდურია, ამიტომ ამ დრომდე ბავშვების მშობლებს თანხის სხვადასხვა ფონდებისათვის ან სულაც სოციალური ქსელით რიგითი მოქალაქეებისთვის დახმარების თხოვნა სჭირდებოდათ.
"კიბოს დასამარცხებლად" - მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები, მათ შორის, პროტონოთერაპია, ძვლის ტვინის გადანერგვა, გარკვეული რადიაციული თუ სხივური თერაპია და დიაგნოსტიკა, საქართველოში ვერ ტარდება, ახალი გადაწყვეტილებით კი ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას პატარა ონკოპაციენტები 3 ქვეყანაში, თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში, ბიუროკრატიული პროცედურების გვერდის ავლით, უმოკლეს დროში, სახელმწიფო დაფინანსებით მიიღებენ. პროგრამა არამხოლოდ სამედიცინო ხარჯების, არამედ მკურნალობის პროცესში ონკოპაციენტი ბავშვისა და თანმხლები პირის, უცხო ქვეყანაში ცხოვრებასაც უზრუნველყოფს. პროცესს კოორდინაციას, "სოლიდარობის ფონდი" გაუწევს.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ქართველი ბავშვების მსოფლიოს რამდენიმე საუკეთესო კლინიკაში მკურნალობის გადაწყვეტილება, პრემიერმა რამდენიმე კვირის წინ დააანონსა, ახლა კონკრეტულ კლინიკებთან მოლაპარაკებების ბოლო ეტაპია, ზაფხულის ბოლოს კი პატარა ონკოპაციენტების რეგისტრაციაც დაიწყება. ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად ყოველ წლიურად დაახლოებით 30 მილიონი ლარი დაიხარჯება.
18 წლამდე ონკოპაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპი იქნება, ვიდრე საქართველოში სრული სერვისის მიღება არ იქნება შესაძლებელი. სწორედ ამ მიზნით, ქვეყანაში უკვე დაწყებულია მუშაობა თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის კონცეფციაზე, რომელიც უკვე საქართველოში დაეხმარება ბავშვებს დაამარცხონ კიბო.