ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს თურქეთს, გახდეს ევროკავშირის წევრი.
"მე მხარს ვუჭერ თურქეთის ამბიციებს, გახდეს ევროკავშირის წევრი. შვედეთი თვალყურს ადევნებს თურქეთის უსაფრთხოების ლეგიტიმურ შეშფოთებას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვიდგეთ ტერორიზმთან ბრძოლაში. მაგრამ ამავე დროს, მნიშვნელოვანია ყველა მოკავშირის შეშფოთება, რომლებსაც სურთ შვედეთის ალიანსის წევრად ხილვა რაც შეიძლება მალე, რადგან ეს გააძლიერებს ნატოს და გააძლიერებს ჩვენს თავდაცვით უნარს და მოგვცემს შესაძლებლობას დავიცვათ არანაკლებ ბალტიის რეგიონი.
თუ უბრალოდ რუკას დააკვირდებით, შვედეთის სრულუფლებიან წევრად ყოფნა, ფინეთთან ერთად, ნამდვილად ცვლის გეოგრაფიას ნატოს ყოფნას ამ რეგიონში. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შვედეთი რაც შეიძლება მალე გახდეს წევრი, რა თქმა უნდა, არ არსებობს გარანტიები, მაგრამ ვფიქრობ ჯერ კიდევ შესაძლებელია შვედეთის წევრობაზე დადებითი გადაწყვეტილება აქ ვილნიუსში მივიღოთ," - აცხადებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.
ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედას განცხადებით კი, თურქეთსა და შვედეთს შორის მოლაპარაკებები ძალიან კონსტრუქციული იყო.
"ვფიქრობ, თურქეთსა და შვედეთს შორის მოლაპარაკებები ძალიან კონსტრუქციული იყო. თურქეთს ჰქონდა გარკვეული პირობები, რომელთა განხორციელებასაც შვედეთი ცდილობდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოთხოვნების სია სრული იყოს და როგორც კი ყველა ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ახალი აღარ იქნება. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეული ეჭვი გვექნება, შესაძლებელია თუ არა ამ მიზნის მიღწევა. მე დიდი იმედი მაქვს სამმხრივ შეხვედრაზე გარკვეული ასპექტები გაწევრიანების შესახებ უფრო ნათელი გახდება," - აცხადებს ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.