26 ნოემბერი 2024,   08:13
ვრცლად
რბილი ძალის გამოყენება საგარეო პოლიტიკურ კურსზე გავლენის მოსახდენად, დეზინფორმაციული კამპანია და უკრაინის ომის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად - სუს-ის ანგარიშის განხილვა პარლამენტში

ანგარიში, რომელიც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სუს-ის უფროსის მოადგილემ წარადგინა, 2022 წლის საქმიანობას ეხება. პერიოდს, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებას ემთხვევა. გეოპოლიტიკური და რეგიონული საფრთხეები ის მთავარი გამოწვევებია, რომელთა პრევენციაზეც უწყება ამ პერიოდში აქტიურად მუშაობდა. ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ გააქტიურებული იყო ე.წ. რბილი ძალა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარედან. დოკუმენტში წერია ისიც, რომ დესტრუქციული ძალები ცდილობდნენ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის დაზიანებას.

სუს-ის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა ცალკეული სახელმწიფოს ასობით მოქალაქეს - გამოვლინდნენ ის პირებიც, რომლებიც ქვეყანაში პროვოკაციული ქმედებების განხორციელებას გეგმავდნენ. საკითხის მომხსენებელმა, ალექსი ბატიაშვილმა, დოკუმენტის წარდგენისას ვრცლად ისაუბრა იმაზეც, რომ რუსეთი ისევ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს და ოკუპაცია მთავარ გამოწვევად რჩება.

მოხსენების შემდეგ სუს-ის უფროსის მოადგილეს დეპუტატებმა კითხვებით მიმართეს. ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად სხდომის ეს ნაწილი რეგლამენტის შესაბამისად დაიხურა.

ოპოზიცია მედიასთან ირწმუნებოდა, რომ კონკრეტულ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს. ამბობენ, რომ დოკუმენტი მაინც პოლიტიკურად მოტივირებულია. ამტკიცებდნენ იმასაც, რომ ანგარიშში ნახსენებ დესტრუქციულ ძალებში ოპოზიცია იგულისხმებოდა.

სხდომის დასრულების შემდეგ, 4 საათიანი განხილვა თავად სუს-ის უფროსის მოადგილემ შეაჯამა. ალექსი ბატიაშვილმა ოპოზიციის ყველა ბრალდებას უპასუხა.

მმართველი გუნდში ამბობენ, რომ უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკურად ნეიტრალური უწყებაა, რომელმაც მაღალი სტანდარტით შეძლო რეალური საფრთხეების პრევენცია. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის პრეტენზიები არაადეკვატურია.

სუსი ანგარიშში, საუბარია ანტიტერორისტულ ღონისძიებებზე, ასევე იმაზე, რომ გასულ წელს სამსახურმა მოახდინა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის აღკვეთა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, თუმცა ამ საკითხზე დღევანდელი განხილვის საჯარო ნაწილში მომხსენებელს არაფერი უთქვამს.

დღის ამბები