საქართველო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელს შეხვდა. დაძაბული თამაშის შემდეგ, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა, ამიტომ თამაშის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც საქართველოს ნაკრები დამარცხდა.
ძალიან ემოციური იყო ქართველი ფეხბურთელების ბოლო ჟესტი. თამაშის დასრულების შემდეგ ისინი გულშემატკივართან ახლოს მივიდნენ და თითქოს მოიხადეს ბოდიში, თუმცა განუწყვეტელმა ტაშმა მათ აგრძნობინა, რომ საბოდიშო არაფერია და მონდომება, რომელიც ახალგაზრდებმა ამ ჩემპიონატზე აჩვენეს მხოლოდ დასაფასებელია.
მატჩს დინამო არენაზე 44 338 გულშემატკივარი დაესწრო, ეს რეკორდია. ამდენი ადამიანი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს არცერთ ქვეყანაში არასოდეს დასწრებია. ამდენი ქართველი ერთად განუწყვეტლივ ყვიროდა "საქართველოს", რაც მთელი თამაშის განმავლობაში მოედანზე მყოფ ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას და სიძლიერეს მატებდა. მთელი ამ დროის მანძილზე, სტადიონზე იყო გამარჯვების და ერთიანობის მუხტი, რაც ქართველმა ქომაგებმა შექმნეს.
ავტორი : ლაშა ბერძენიშვილი