კიდევ ერთი განადგურებული კაშხალი - რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში მცირე კაშხალი ააფეთქა. უკრაინული ჯარების წინსვლის შესაჩერებლად მდინარე "მოკრი იალზე" განხორციელებული ქმედების შედეგად ორივე ნაპირი დაიტბორა.
ამავე დროს, უკრაინის თავდაცვის უწყება დონეცკის ოლქში სამი სოფლის გათავისუფლებას ადასტურებს. საუბარია ოლქის დასავლეთ ნაწილში მდებარე დასახლებებზე. ანა მალარის ინფორმაციით, გრძელდება უკრაინის ჯარების თავდასხმით მოქმედებები ბახმუტის რაიონში.
უკრაინამ და რუსეთმა ასამდე ტყვე გაცვალეს. უკრაინაში დაბრუნებულ ჯარისკაცთა შორის არიან "ვაგნერის" და ქვედანაყოფ "ახმატის" ტყვეობაში მყოფი ჯარისკაცები.
ქვემეხებითა და არტილერიით 5-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები. დაფიქსირდა 30-ი აფეთქება. შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
დაიღუპა 3 და დაშავდა 10 ადამიანი ხერსონის ოლქში რუსული ძალების მიერ საევაკუაციო ნავზე თავდასხმის შედეგად, აფეთქებები დაფიქსირდა ზაპოროჟიეს ოლქშიც რუსების მიერ ოკუპირებულ ქალაქ ტოკმაკსა და მელიტოპოლში.