26 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
ე.წ. დემარშით მოითხოვეს სანქციების დაწესება ჩვენი მხრიდან რუსეთის ფედერაციისთვის, რაც ერთგვარი სიურპრიზია - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დემარშით, ფაქტობრივად, საქართველოს მოსთხოვეს სანქციების დაწესება რუსეთის წინააღმდეგ. მისივე თქმით, სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და ჩვენ ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას.

"ე.წ. დემარშით პრაქტიკულად მოითხოვეს სანქციების დაწესება ჩვენი მხრიდან რუსეთის ფედერაციისთვის, რაც იყო, პრინციპში, ერთგვარი სიურპრიზი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. როგორც ოპოზიცია, მათ შორის, რადიკალური ოპოზიცია, ასევე, ჩვენი პარტნიორები ამტკიცებდნენ, რომ ისინი არ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, თუმცა ახლა ვიხილეთ განსხვავებული მიდგომა.

ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას. სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და ჩვენ ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას.

როცა სანქციას უწესებ სხვას, ამის მიზანი უნდა იყოს მისი დასჯა და როცა სანქციების დაწესებით სჯი არა სხვას, არამედ საკუთარ ქვეყანას და ხალხს, ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი აბსურდი," – განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები