სტიქიური უბედურების დროს მეზობელი ქვეყნები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. საქართველოსა და თურქეთს შორის წლებია მეგობრული ურთიერთობა არსებობს. ჩვენს ქვეყანას არაერთხელ ახსოვს თურქეთის დახმარება, მაგალითად მასშტაბური ხანძრების დროს. საქართველოც თურქეთის გვერდით დგას, თუ ამის საჭიროება არსებობს. ქართველმა მაშველებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობებიდან ადამიანების ცოცხლად გამოყვანის ოპერაციისას. სამაშველო ღონისძიებაში ჩვენი ქვეყნიდან ათობით მეხანძრე-მაშველი ჩაერთო.
მათ შორის იყვნენ მაშველი ძაღლებიც, რომლებმაც ადამიანის სიცოცხლე იხსნეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოლოგიის სამსახურში არაერთი ძაღლია დასაქმებული და მათი დახმარებით უამრავი დანაშაულია გახსნილი. ისინი მხოლოდ სამაშველო ღონისძიებაში არ მონაწილეობენ. სპეციალური წვრთნების შემდეგ მათ აქტიურად იყენებენ ექსპერტ-კრიმინალისტები და მესაზღვრეები.
თურქეთში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, მალინუა ტინტო და ლაბრადორი ემი 18 დღის განმავლობაში ჩვენს მაშველებთან ერთად, ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებდნენ და პოულობდნენ. ასეთი შემთხვევების დროს პირველ სამუშაოს სწორედ ძაღლები აკეთებენ. დაზარალებულის ადგილმდებარეობის აღმოჩენის შემდეგ კი საქმეში უკვე მაშველები ერთვებიან.
შედეგის მისაღწევად დაახლოებით ორი წელია საჭირო და მათი წვრთნა საკმაოდ დიდი შრომაა. კინოლოგებს ყოველ დღე საათობით უწევთ თავის ოთხფეხა მეწყვილეებთან ერთად მუშაობა. ბელგიური ნაგაზი, იგივე მალინუა - სამაშველო სამუშაოებში აქტიურად გამოიყენება და კარგი შედეგიც აქვთ. ამის ნათელი მაგალითია ტინტო. კინოლოგი მასთან ერთად სამი წელია წყვილში მუშაობს. ბელგიურ ნაგაზს გადარჩენილი სიცოცხლეებისთვის ჯილდოც გადაეცა.
ძაღლებს თავის საქმიანობაში აქტიურად იყენებენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც. ოდოროლოგიისთვის განკუთვნილ ოთახში მათ უტარდებათ ერთგვარი ტესტები. კონტეინერებში სხვადასხვა სუნის მქონე მასალას დებენ, ძაღლმა კი სწორედ იმ კონკრეტულ კონტეინერს უნდა მიაგნოს, რომლის პოვნაც აქვს დავალებული. ოთახის შემდეგ წვრთნა უკვე გარეთ გრძელდება. არ არსებობს დამნაშავე, რომელიც დანაშაულის ადგილზე რამე ნივთს ან ბიო მასალას არ ტოვებს. კინოლოგებიც მის დასაკავებლად სწორედ ამას იყენებენ. ამ ძაღლების დახმარებით უკვე არა ერთი დანაშაულია გახსნილი.
რა თქმა უნდა ძაღლებს საკმაოდ აქტიურად იყენებს სასაზღვრო პოლიციაც. ნაგაზებს წვრთნიან დამრღვევის დასაკავებლად. შესაბამისად, ძაღლი ინსტრუქტორის ყველა ბრძანებას იდეალურად უნდა ემორჩილებოდეს.
აქტიურად მუშაობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-სამიგრაციო სამმართველოს კინოლოგიური განყოფილებაც. კიმბო უკვე 10 წლისაა. ის ნარკოტიკების პოვნაზეა გაწვრთნილი. ბარგში ჩადებული ნარკოტიკის მინიმალურ რაოდენობასაც კიმბო სუნით აფიქსირებს და კინოლოგ-ინსტრუქტორს ნიშანს აძლევს.
სწორედ ასეთი ტანდემის ურთიერთობაზეა აგებული მთელი კინოლოგიური სამსახური. ეს არის პროფესია მათთვის, ვისაც ძაღლები ძალიან უყვარს.
ავტორი: გიორგი ქორქია