უკრაინაში ომის დაწყებიდან 15 თვე გავიდა. დრონების ყველაზე მასშტაბური თავდასხმა კიევზე - უკრაინის დედაქალაქის საჰაერო სივრცეში რუსეთის ათობით უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა. უკრაინელებმა მათი უმეტესობა ჩამოაგდეს. ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად არის მსხვერპლი. 10-ობით დრონის განადგურებას ნგრევა მოჰყვა დასახლებულ პუნქტთან ახლოს. კიევის ადმინისტრაციის ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმა რამდენიმე ტალღად განხორციელდა. მთელ ოლქში საჰაერო განგაშის სიგნალის ხმა რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა.
ფრონტის ხაზზე ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი გააქტიურება არ შეიმჩნევა, მხარეები ძირითადად ერთმანეთზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ. რაც შეეხება ცხელ წერტილებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები ფრონტის ხუთი მიმართულებით მიმდინარეობს - კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარიინკას. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით, ბახმუტის მიმართულებით მტრის შეტევითი მოქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინული ძალები ქალაქ ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში პოზიციების კონტროლს აგრძელებენ.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ინფორმაციით, ვაგნერელები ქალაქ ბახმუტს ტოვებენ და სამ ადგილას გადაჯგუფდებიან. მიზეზი სავარაუდოდ ძალების აღდგენაა. ბახმუტის მნიშვნელოვან ტერიტორიას ახლა რუსები აკონტროლებენ. უკრაინელების ხელში ამ ეტაპზე ქალაქის სამი ქუჩაა. სამი დღეა გააქტიურდა უკრაინის სარაკეტო დარტყმები, მათ შორის "შტორმ შადოუს" ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ბერდიანსკის მიმართულებით, სადაც რუსების ერთ-ერთი მთავარი სამხედრო-ლოჯისტიკური ცენტრია.
რუსული საჰაერო ძალები პერიოდულად ბომბავენ უკრაინის სხვადასხვა რეგიონს. დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქის საავადმყოფო დაბომბეს. დნიპროზე სარაკეტო თავდასხმას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები, მათ შორის ექიმები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერთან 20-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 3 სარაკეტო და 13 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. გამთენიისას აფეთქებების ხმა ისმოდა ჟიტომირში. მსხვერპლი არ არის. ოკუპანტებმა ავიაციით და არტილერიით დაბომბეს ხარკოვის ოლქი. დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე. ღამით მძიმე არტილერიით ორჯერ დაესხნენ თავს ქალაქ ნიკოპოლს. დაზიანებულია სახლები, გაზსადენები და ელექტროგადამცემი ხაზები. აფეთქებების ხმა ისმოდა დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლის ცენტრშიც.
ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება. ასეთია უკრაინაში არსებული ვითარება ომის დაწყებიდან 459-ე დღეს.