დღეს თურქეთი ქვეყნის მე-13 პრეზიდენტს ირჩევს - საარჩევნო უბნები იხურება და ხმის დათვლის პროცედურა იწყება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთ ადგილზე ამომრჩეველთა აქტივობა პირველ ტურთან შედარებით უფრო დაბალი იყო.
პრეზიდენტი ერდოღანი იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნების მეორე ტურის შედეგები მალე გახდება ცნობილი.
რაც შეეხება საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას, დღის განმავლობაში რამდენიმე ცნობები ვრცელდებოდა. სამ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რომელიც დარღვევებს ეხება და რომელზეც დამკვირვებლები აკეთებენ აქცენტს.
როგორც აღმოჩნდა თურქეთის არჩევნებშიც არსებობს ე.წ. მკვდარი სულების პრაქტიკა. ერთ-ერთმა დამკვირვებელმა წარმოადგინა ადამიანის ინტერვიუ, რომელიც ამბობს, რომ 8 წლის წინ გარდაცვლილი დედამისი საარჩევნო სიაში იპოვა.
იყო შემთხვევები, როდესაც კაბინებში ერთზე მეტი ადამიანი დააფიქსირეს, რომელსაც ინციდენტი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ფოტო-ვიდეო მასალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ დამკვირვებლები არიან ნაცემი.
ყველაზე დიდი ინტერესი ინტერნეტ სივრცეში გამოიწვია კადრებმა, რომელზეც თავად თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ფიგურირებს. მას შემდეგ, რაც მან საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, გამოვიდა გარეთ, შეხვდა ამომრჩეველს, ხელი ჩამოართვა რამდენიმე მათგანს, რის შემდეგაც რამდენიმე ამოიღო 200 ლირიანი კუპიურები და ხალხში ფულის დარიგება დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, ეს პრეზიდენტის ერთგვარი ტრადიცია არის, რელიგიური დღესასწაულების დროსაც კი არიგებს მაგალითად ბავშვებთან ტკბილეულს, საჩუქრებს, სათამაშოებს. ამჯერად ფული აღმოჩნდა ის, რაც კადრებში მოხვდა. მოხდება თუ არა აღნიშნული ფაქტის შეფასება როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა - ჯერჯერობით უცნობია.
დამკვირვებლები ამბობენ, რომ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას არ ყოფილა ისეთი დარღვევა, რამაც შესაძლოა არჩევნების შედეგზე იქონიოს გავლენა, თუმცა დასკვნებს მოგვიანებით წარმოადგენენ.
„ჩვენ ვმუშაობდით ზუსტად ისევე, როგორც ქვეყანაში პირველი ექვსი კვირის განმავლობაში. ვესაუბრეთ უამრავ ადამიანს სხვადასხვა ადგილებში და ვფიქრობ შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ კარგი წარმოდგენა მაქვს პროცესთან დაკავშირებით.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ პერიოდის განმავლობაში გვყავდა 14 ჯგუფი მთელი ქცეყნის მასშტაბით, რომლებისგანაც ასევე ინფორმირებულები ვართ. ჩვენ ვფარავთ არა მხოლოდ ანკარას არამედ მთელ ქვეყანას.
ჩვენ ხვალ გვექნება პრეს კონფერენცია, მაგრამ 2-3 თვის შემდეგ წარვადგტენთ ანგარიშს, არა მხოლოდ ჩვენი დასკვნებითა და შეფასებებით, არამედ ასევე რეკომენდაციებით, რაც პროცესის შესაძლო გაუმჯობესებას შეეხება,“ – აცხადებს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი იან პიტერსენი.