26 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
საპროტესტო მსვლელობა - როგორ შეხვდა ოპოზიცია ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პარტია "ლელომ" მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო მსვლელობით, ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნითა და დროშებით აღნიშნა. მამუკა ხაზარაძემ პარტიის სხვა წევრებთან ერთად გზა უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან რუსთაველის ძეგლამდე გაიარა. იქ თანაგუნდელ დეპუტატებს პარლამენტში ევროკავშირის დროშის გამოფენაც დაავალა.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მთავრობა რომ ქმედით ნაბიჯებს დგამს, მმართველი გუნდის წევრებმა ოპონენტებს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს. "ქართული ოცნების" წევრებმა ოპოზიციას ისევ მოუწოდეს, რომ ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნაში მოსახლეობისთვის ხელი არ შეეშალათ.

დამოუკიდებლობის დღე პროტესტით აღნიშნეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "სტრატეგია აღმაშენებელმაც". პარტიების ახალგაზრდული ფრთის წევრებმა ევროკავშირისა და საქართველოს დროშები მშვიდობის ხიდიდან გადმოფინეს.

ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია აქციას რუსთაველის გამზირზე, სადაც ორგანიზაციებმა "ტალღამ" და"ჯიუტმა" "დროასთან" ერთად საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. მაშინ, როდესაც თავისუფლების მოედანზე რეკრუტები სამხედრო ფიცს დებდნენ, აქტივისტებმა იქ შესვლა სცადეს. სამართალდამცველებთან დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

ოპოზიციის მიერ გამართულ საპროტესტო მსვლელობებს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილმა აქციები სპეკულაციად შეაფასა და ოპონენტებს მოუწოდა პატივი სცენ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს.

ასე გამოიყურებოდა დღეს პარლამენტის შენობა - საკანონმდებლო ორგანოს წინ 26 მაისის ბანერებთან და საქართველოს დროშასთან ერთად, ევროკავშირის დროშაც ფრიალებდა.

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები