საქართველოს წინაშე მხედრული ვალის მოხდა, წინაპართა ტრადიციების გაგრძელება, დისციპლინის, სამხედრო საიდუმლოების და მეთაურის ბრძანების დაცვა, დგომა საქართველოს სადარაჯოზე და ბრძოლა სისხლის ბოლო წვეთამდე მტერზე გამარჯვებისათვის - ფიცის ამ ტექსტში ყველა ძირითადი ვალდებულება და ღირებულებაა თავმოყრილი, რომელთა დაცვას რეკრუტები უკვე ხვალიდან ცხოვრების წესად გაიხდიან. საწყისი მომზადება უკვე გაიარეს, სამხედრო სამსახურში ჩადგომამდე მხოლოდ სიმბოლური და ემოციური ღონისძიება რჩება, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა.
რეკრუტები ხვალინდელ ღონისძიებაზე ყურადღების ეპიცენტრში იქნებიან, თუმცა არა მხოლოდ თბილისში. ფიცის დადების ცერემონია ერთმანეთის პარალელურად, ქვეყნის 10 რეგიონში ჩატარდება. საზეიმო პატაკს პირდაპირი ტრანსლაციის მეშვეობით თავისუფლების მოედანზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ჩაიბარებს.
რეკრუტების გარდა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში თავდაცვის ძალების სხვადასხვა დანაყოფები მიიღებენ მონაწილეობას. მოედანზე კოლოფებად განთავსდებიან იუნკრები, ეროვნული გვარდიის, საჰაერო, საარტილერიო, ქვეითი ბრიგადების, სპეციალური ოპერაციებისა და ნატოს სწრაფი რეაგირების ასეულები ევროპელ და ამერიკელ ინსტრუქტორებთან ერთად. აქვე იქნება "დელტას" მიერ წარმოებული ჯავშანმანქანები, ქართული და უცხოური წარმოების სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, საევაკუაციო, სადაზვერვო და საარტილერიო სპეცტექნიკა. დასკვნით ნაწილში გადაიფრენენ ახლად მოდერნიზებული ვერტმფრენები, მოიერიშეები და ავიაგამანადგურებლები, რომლებიც ცაზე საქართველოს დროშის ფერებს დატოვებენ.
საზეიმო მოწყობის და ფიცის დადების შემდეგ, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სამხედრო კომპონენტი ჰიმნის შესრულებით და საქართველოს ეროვნული დროშის აღმართვით დასრულდება. თბილისში თავისუფლების მოედანზე და ქვეყნის სხვა ქალაქებში საღამომდე იქნება განთავსებული სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცის აღჭურვილობა, რომლის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.