26 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
საქართველო თავისი ისტორიით, რეფორმებით, სახელმწიფო ინსტიტუციებით, ადამიანის უფლებების სტანდარტით, იმსახურებს გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი - რატი იონათამიშვილი

"ქართული ოცნების" წევრმა რატი იონათამიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში იმ მოლოდინებზე ისაუბრა, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების კუთხით არსებობს.

მისი შეფასებით, საქართველო თავისი მიღწევებით, რეფორმებით და პროგრესით, იმსახურებს ევროკავშირის წევრობას და შესაბამისად, გადაწყვეტილებაც ევროკავშირის მხრიდან უნდა იყოს მხოლოდ პოზიტიური.

"რაც შეეხება ევროკავშირის გადაწყვეტილებას, როგორი უნდა იყოს სამართლიანი გადაწყვეტილება - თავისი შედეგით, უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური, ვინაიდან საქართველო, მთელი თავისი ისტორიით, გატარებული რეფორმებით, სახელმწიფო ინსტიტუციებით, დამოკიდებულებით, ადამიანის უფლებების სტანდარტით იმსახურებს იმას, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და, შესაბამისად, მან მიიღოს კანდიდატის სტატუსი. დღეს უკვე აღარ ვდავობთ იმაზე, რომ უსამართლო გადაწყვეტილება იყო გამოტანილი თავის დროზე, როდესაც პერსპექტივის ამარა დარჩა ჩვენი ქვეყანა და ეს არ შეესაბამებოდა რეალურ ფაქტებსა და მონაცემებს.

მათ შორის, მოლდოვასთან მიმართებაში რომ ავიღოთ, ქვეყანა, რომელიც არის "დესეთეს" წევრი და რომელიც აღიარებს, რომ ნეიტრალიტეტია მისთვის მთავარი და ნატოს არც კი განიხილავს, და საქართველო, ვინც არის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი თუნდაც საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის და ნატოს წევრ ქვეყნებსაც, ძალიან ბევრს, უსწრებს, სულ 3 თუ 4 ქვეყანა უსწრებდა კონტრიბუციით, მათ შორის, ნატოს წევრი ქვეყნები რომ ავიღოთ, და მისიებში ჩვენი დაჭრილი სამხედროები, ისინი იმსახურებენ, რასაკვირველია, ის პროგრესი და რეფორმები, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გაატარა, ეს იმსახურებს.

ასე რომ, უსამართლო გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიღებული ევროკავშირის მხრიდან. თვითონ გეოპოლიტიკურადაც ევროკავშირისთვის არის აუცილებელი, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებით მხოლოდ საქართველოსთვის არ იქნება პოზიტივი, ეს მთლიანად, რეგიონულ ასპექტში უნდა განვიხილოთ ჩვენ. როგორც, თავის დროზე, ევროსაბჭოში გაერთიანება ჩვენი ქვეყნის იყო გზავნილი ჩვენი რეგიონის ევროინტეგრაციის, ისე ეს გადაწყვეტილება ზუსტად ამ პროპორციულობით უნდა იყოს დაცული მათი მხრიდან,"- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები