26 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამზადისი დასასრულს უახლოვდება - 26 მაისის გალა კონცერტისთვის არტისტები გენერალურ რეპეტიციას გადიან

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამზადისი დასასრულს უახლოვდება. 26 მაისის გალა კონცერტისთვის მომღერლები და მოცეკვავეები გენერალურ რეპეტიციას გადიან.

ფოლკლორი, თანამედროვე და უკვე კლასიკად ქცეული ქართული საესტრადო სიმღერები - ყველა ის ნაწარმოები, რომლითაც ქვეყანა მდიდარი დამოუკიდებლობის დღეს რესპუბლიკის მოედანზე აჟღერდება. 26 მაისის დასკვნითი ღონისძიების, გალა კონცერტის გენერალური რეპეტიცია ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გაიმართა.

ალექსიძის თანამედროვე ბალეტი საპრემიერო ცეკვას დგამს. სპეციალურად დამოუკიდებლობის დღისთვის, მაყურებლისთვის ახალ ქორეოგრაფიულ ნომერს ამზადებენ. გალა კონცერტზე, მაყურებლის წინაშე, იანო ალიბეგაშვილიც იმღერებს. ქართველი მომღერლები და სამების გუნდი, ოპერისა და ბალეტის ორკესტრთან და მაესტრო ნიკა ნიკვაშვილთან ერთად, მაყურებელს ეროვნულ კონცერტს ჰპირდებიან.

გალა კონცერტისთვის პირველი რესპუბლიკის მოედანზე სცენა თითქმის მზად არის. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღეს, თბილისთან ერთად კიდევ 15 ქალაქი აღნიშნავს, სადაც 26 მაისი კონცერტებით დასრულდება. საზეიმო განწყობა ქუჩებში უკვე იგრძნობა.

დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. 26 მაისს მისულ სტუმრებს, ყველა ქალაქში მრავალფეროვანი პროგრამა დახვდებათ. მათ შორის, არაერთი სპორტული აქტივობაა, სადაც მონაწილეობის მიღება ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება.

26 მაისის მოსამზადებელი სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. თითქმის დასრულებულია სცენის აწყობა თავისუფლების მოედანზე, სადაც დამოუკიდებლობის დღის მთავარი ღონისძიებები და ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.

დღის ამბები