26 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
გივი თარგამაძე ხელისუფლების შესაცვლელად აგრესიული აქციების შესახებ საუბრობს - ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, ენმ-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ტაქტიკა ხელს საქართველოში ოკუპანტს აძლევს

რეალურად, ეს ყველაფერი აჩვენებს კოლექტიური "ნაცმოძრაობის" სურვილებს - ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარე წინა ხელისუფლების ერთ-ერთი იდეოლოგის მიერ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას. საუბარია გივი თარგამაძეზე, რომელმაც ოპოზიციას დემონსტრაციების სტილი დაუწუნა და თქვა, რომ რუსთაველის გამზირზე დამწვარი პოლიციის ერთი მანქანა შედეგის მისაღწევად საკმარისი არ არის. "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, ოპოზიციის ნაწილი, ხელისუფლების დასაბრუნებლად მზადაა არეულობა და დესტრუქცია ქვეყნის ყოველდღიურობად აქციოს, თუმცა ამას ხელისუფლება არ დაუშვებს.

ყოფილი თანაპარტიელის ეს მოსაზრება დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში" გაიზიარეს. ყოფილ სახელისუფლებო ძალაში ამბობენ, რომ საზოგადოებას გაბრაზებისა და პროტესტის მწვავე ფორმით გამოხატვის კონსტიტუციური უფლება აქვს.

განსხვავებული იყო დღეს სხვა ოპოზიციური პარტიების მოსაზრებები. ხელისუფლების ოპონენტები მწვავე პროტესტს მიესალმებიან, თუმცა არაძალადობრივი ფორმებით. ნაწილმა ისიც თქვა, რომ გივი თარგამაძის მიერ შეთავაზებული ტაქტიკა ხელს საქართველოში მხოლოდ ოკუპანტს აძლევს.

ძალადობრივ წარსულზე დაფუძნებული მომავლის ხედვა - ასე აფასებს გივი თარგამაძის ნააზრევს საპარლამენტო უმრავლესობა. კანონმდებლებმა ოპონენტებს 7-9 მარტს ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამართლების მცდელობაში დასდეს ბრალი. თქვეს ისიც, რომ დემონსტრაციებზე კანონდარღვევების საპასუხოდ საქართველოს ევროპულზე ჰუმანური საკანონმდებლო მიდგომა აქვს. პოლიტიკოსებმა ოპოზიციას, პოლარიზების შესამცირებლად, ძალადობისკენ მოწოდებების ნაცვლად, მსგავსი პროცესებისგან გამიჯვნა ურჩიეს.

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ყოფილმა მაღალჩინოსანმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ ოპოზიციის ტაქტიკა წარუმატებლობისთვის არის განწირული. მისი აზრით, მთავრობის შესაცვლელად უფრო რადიკალური ქუჩის პროტესტია საჭირო.

დღის ამბები