26 მაისისთვის სამზადისი გრძელდება - საქართველოში დამოუკიდებლობის დღე წელსაც განსაკუთრებულად აღინიშნება. ქვეყნის სხვადასხვა უწყება ამ დღისთვის 16 ქალაქში ღონისძიებებს მართავს.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დილის 11 საათზე დაიწყება. თბილისსა და საქართველოს ათ რეგიონში წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება. ეპიცენტრი თავისუფლების მოედანი იქნება, რომელიც დღეს 11 საათზე უკვე სრულად ჩაიკეტება.
"ყოველ წელს ძალიან მნიშვნელოვანია 26 მაისი და ძალიან საპასუხისმგებლოა და რა თქმა უნდა, მთელი გუნდი გალა კონცერტს საოცარი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. წლევანდელ გალა კონცერტზე წარმოდგენილი იქნება ის მუსიკა, რომლითაც მდიდარია ჩვენი ქვეყანა. იქნება ფოლკლორი, იქნება თანამედროვე მუსიკა, იქნება უკვე კლასიკად ქცეული ქართული საესტრადო სიმღერები. მონაწილეობას მიიღებენ საუკეთესო მუსიკოსები. ძალიან ბევრი მუსიკალურ ვერსია იქნება წარმოდგენილი, იქნება წარმოდგენილი უდიდესი ქართველი კომპოზიტორების ნამუშევრები და მე მგონია, რომ სიურპრიზებითაც იქნება გაჯერებული და დახუნძლული წლევანდელი 26 მაისის გალა კონცერტი", - განაცხადა რეჟისორმა ბაკურ ბაკურაძემ.
მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თათა სვანიძის განცხადებით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისთან ერთად, 15 მუნიციპალიტეტში გაიმართება.
"თბილისთან ერთად, ღონისძიება 15 მუნიციპალიტეტში გაიმართება. მთელი დღის განმავლობაში, საზეიმო განწყობას, რა თქმა უნდა, იქაც დაასრულებს გალა კონცერტები. 15-ვე მუნიციპალიტეტში, ქართველი შემსრულებლებისგან წარმოდგენილი იქნება, სხვადასხვა სახის ამაღელვებელი, პატრიოტული, მუსიკალური პროგრამები, რომელიც ძალიან საზეიმო განწყობას შეგვიქმნის", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თათა სვანიძემ.