26 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხავიერ კოლომინას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების ფონზე, თავდაცვის მინისტრმა ყურადღება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, მდგრადობის, კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების, ნატოსთან თავსებადობის გაზრდაზე გაამახვილა და ამ პროცესში ალიანსის პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ალიანსის წარმომადგენელს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების ფარგლებში მიღწეული წარმატებები და განხორციელებული აქტივობები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მადრიდის სამიტზე მინიჭებულ "საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის დოკუმენტს", რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, არსებითი პაკეტის გაძლიერებასა და მოკავშირეთა მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს. ქართული მხარის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ ნატოს მომავალ სამიტზე, ქალაქ ვილნიუსში ალიანსი საქართველოს გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერას დაადასტურებს და პრაქტიკული თანამშრომლობის სპექტრს გააფართოებს.

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში სამუშაო ვიზიტით, რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფება. ხავიერ კოლომინა ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

"მოხარული ვარ, რომ კვლავ საქართველოში ვიმყოფები. ეს არის ჩემი მეხუთე ვიზიტი რეგიონში და ყოველთვის სასიამოვნოა თავდაცვის სამინისტროში სტუმრობა. მქონდა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში და თავდაცვის მინისტრ ბურჭულაძესთან. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და მთლიანად სამინისტროსთან ორმხრივი თანამშრომლობით. ძალიან კარგად ვმუშაობთ თავდაცვის ძალების თავსებადობის გაუმჯობესების მიმართულებით, თავდაცვის სფეროში განათლების კუთხით კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის ფარგლებში ტრენინგებითა და ზოგადად, ეფექტიანად ვიყენებთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ყველა მექანიზმს. მადრიდის ნატოს სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა არსებითი პაკეტი და დავამტკიცეთ “საქართველოზე მორგებული დახმარების დოკუმენტი”. ეს ყველაფერი უკვე განხორციელდა და დღეს პაკეტის ფარგლებში გვაქვს 50-ზე მეტი პოზიცია, რაც განსაკუთრებული შემთხვევაა. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორი თანამშრომლობა გვაკავშირებს საქართველოსთან. ძალიან დამაკმაყოფილებელია თავდაცვის ძალების წარმომადგენლების პროფესიონალიზმი და როგორც ვახსენე, თავსებადობის დონე, რომელიც წარსულში გამოავლინეს მისიებში მონაწილეობის დროს. ყოველთვის მადლიერი ვიქნებით საქართველოს წვლილისთვის. მისიებში მონაწილეობისას ქართველმა სამხედროებმა გამოავლინეს თავსებადობის მაღალი დონე და პროფესიონალიზმი,"- განაცხადა კოლომინამ.

დღის ამბები