სასტიკი მკვლელობა მარნეულში - შოთა ლორია, რომელსაც ოჯახი ორი დღე ეძებდა მდინარე ხრამის პირას დამარხული იპოვეს. 54 წლის ტაქსის მძღოლი ძმებმა აბასოვებმა მის კუთვნილ ავტომობილშივე ე.წ. ტროსით გაგუდეს და გვამი უკაცრიელ ადგილას გადამალეს. ამის შემდეგ ახალგაზრდებმა ლორიას კუთვნილი ავტომობილი საკუთარ სახელოსნოში გადაიყვანეს და მის დაშლას შეუდგნენ.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებს ავტომობილის ნაწილებად გაყიდვა ჰქონდათ გადაწყვეტილი, თუმცა ნაჯათ და ამინ აბასოვებმა ეს ვეღარ მოასწრეს, პოლიცია ძმებს საკუთარ სახელოსნოში თავზე დაადგა. ძმები დააკავეს, ახლა კი სამართალდამცველები მათ კიდევ ერთ თანამზრახველს ეძებენ, რომელიც მიმალვაშია. პოლიციას ამოღებული აქვს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც, სადაც, სავარაუდოდ, დანაშაულის ერთ-ერთი ეპიზოდი ჩანს, მათ შორის, ის თუ როგორ გააჩერეს შოთა ლორია ძმებმა თბილისში და მას მარნეულში წაყვანა სთხოვეს.