26 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
უნდობლობა ოპოზიციაში - პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების შექმნის საკითხი "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედ და ყოფილ წევრებს შორის უთანხმოების მიზეზია

"ნუ აკეთებენ უზნეო ინტერპრეტაციებს" - რომან გოცირიძის ადრესატები მისი ყოფილი თანაპარტიელები არიან. პარტიისა და ფრაქციის დატოვების შემდეგ, გოცირიძე დეკანოიძესთან ერთად პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბებისთვის რეგლამენტში საკანონმდებელო ცვლილებების განხორციელებას მოითხოვს. ბიურომ საკითხი განსახილველად უკვე დაამტკიცა, თანაც დაჩქარებული წესით. ამ ფაქტმა "ნაციონალურ მოძრაობას" ოპოზიციის "ქართულ ოცნებასთან" გარიგების შესახებ ეჭვები გაუჩინა. პარტიის მსგავსი პოზიციონირება ყოფილი წევრებისთვის გაუგებარია.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ოპოზიციის ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება და მათი ფრაქციიდან 4 დეპუტატის გასვლა, დროში ერთმანეთს საეჭვოდ ემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა პარლამენტში იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების კენჭისყრამდე დარეგისტრირდა, პარტიაში მაინც ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება კავშირშია იუსტიციის საბჭოს კანდიდატების მხარდაჭერასთან. განმარტავენ, რომ კანონპროექტის მიღებით სარგებელს ფრაქციიდან წასული ჩხეიძეები, მაჭუტაძე და ქარდავა მიიღებენ.

ფრაქციიდან წასულებმა დღეს მედიასთან კომუნიკაცია არ ისურვეს, თუმცა, რეგლამენტში შესატანი ცვლილებების ავტორი ამბობს, რომ პოლიტიკური ჯგუფის ფორმატში ამ 4 დეპუტატთან თანამშრომლობას არ აპირებს. ხატია დეკანოიძე - ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილ თანაფრაქციელებსაც პასუხობს და ურჩევს, რომ უსაფუძვლო პოლიტიკური ბრალდებების ნაცვლად, პრობლემები საკუთარ გუნდში მოაგვარონ.

საპარლამენტო უმრავლესობაში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციაში და ასევე ზოგადად ოპოზიციაში არსებულ უნდობლობაზე საუბრობენ. მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მათი ოპონენტები ყველა გადაწყვეტილებას ეჭვის თვალით უყურებენ.

პარლამენტის თავმჯდომარე კი ფრაქციას, რომელმაც ბოლო პერიოდში უკვე 6 წევრი დაკარგა, ურჩევს პოლიტიკური ინტრიგა სხვაგან ეძებოს. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ინიციატივის დარეგისტრირება არც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას ემთხვევა და მისი ავტორებიც ის დეპუტატები არიან, ვინც საკითხს მხარი არ დაუჭირა.

ბიუროს გუშინდელი გადაწყვეტილებით, პარლამენტი დაჩქარებული წესით ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის ინიციატივის განხილვას იწყებს. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ფრაქციიდან გასულ დეპუტატებს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ.

დღის ამბები