26 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
რატომ ადანაშაულებს "ოცნება" ელენე ხოშტარიას ორმაგ სტანდარტებში და რა შეახსენა ოპოზიციონერს მმართველმა ძალამ

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ "დროას" ლიდერმა მოქალაქეები შეცდომაში განზრახ, პოლიციასთან შესაძლო დაპირისპირების მიზნით შეიყვანა. საუბარია კახეთში გასულ კვირას გამართულ აქციაზე, სადაც ოპოზიციის ნაწილი სერგეი ლავროვის სიძის ძმის წვეულებას აპროტესტებდა. მმართველი ძალა ამტკიცებს, რომ ელენე ხოშტარიამ იცოდა, რომ პროტესტის ადრესატები ადგილზე არ იმყოფებოდნენ და ამის დასადასტურებლად გავრცელებული ვიდეომასალა მოჰყავთ, სადაც "დროას" ლიდერის ხმა ისმის. "ქართული ოცნების" აზრით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ოპოზიციის რეალური სურვილი არა პროტესტი, არამედ დესტაბილიზაციური პროცესების სტიმულირებაა.

ამ კადრებში ნათქვამი სიტყვები ელენე ხოშტარიამ არ უარყო. პოლიტიკოსმა თქვა, რომ ინფორმაცია სასტუმროს მეპატრონესთან უშუალო კომუნიკაციის შედეგად ჰქონდა. თუმცა, რატომ არ უთხრა ადგილზე შეკრებილებს, რომ წვეულების მთავარი გმირები კახეთში აღარ იმყოფებოდნენ - არ აუხსნია. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, "დროას" ლიდერის პოლიტიკური პარტნიორების ნაწილი ამბობს, რომ სტუმრების მარშრუტის შესახებ არაფერი იცოდა, მეორე ნაწილისთვის კი პროტესტი ნებისმიერ მოცემულობაში სამართლიანად გამოიყურება.

კოლეგებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ "გირჩში". ახალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერებისთვის საქორწილო წვეულებების გაპროტესტება პოლიტიკურად მცდარი ნაბიჯია. "გირჩში" ამბობენ, ამ ფორმით საზოგადოების ყურადღება რეალური საჭიროებებიდან ნაკლებად მნიშვნელოვან თემებზე გადადის, რაც პოლარიზაციის ხარისხს კიდევ უფრო აღრმავებს.

ხოშტარიას ქმედებას მოღალატეობრივს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლებმა ოპონენტის ტაქტიკაში შიდადაპირისპირების გაღვივების მიზანმიმართული სურვილი დაინახეს. უმრავლესობის ლიდერებმა დღეს ელენე ხოშტარიას რუსეთის ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებაც შეახსენეს და ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაზე გააკეთეს აქცენტი.

საპროტესტო აქციები კახეთში სერგეი ლავროვის სიძის ძმის წვეულების გასაუქმებლად გასულ კვირას გაიმართა. მწვავე დაპირისპირების დროს პოლიციამ დაუმორჩილებლობის გამო 16 ადამიანი დააკავა.

დღის ამბები