26 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ვაკანტური ადგილები იუსტიციის საბჭოში - შეძლებენ თუ არა მმართველი გუნდი და ოპოზიცია კონსესუსის მიღწევას ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას შეახსენა, რომ მათი თანამონაწილეობის გარეშე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური ადგილების შევსება ვერ მოხდება. პარლამენტმა თავისი კვოტით საბჭოში, არამოსამართლე წევრები უნდა დაამტკიცოს. 3 მათგანს გასულ კვირას გამოუცხადეს ნდობა. დარჩენილ ორ ადგილზე კი არჩევანი 4 კანდიდატიდან უნდა გაკეთდეს.

მმართველი გუნდის შეთავაზებას ოპოზიციამ უარით უპასუხა. ოპოზიციურ პარტიებში თქვეს, რომ კონსულტაციებში მონაწილეობას არ მიიღებენ და მიზეზად "ქართული ოცნებისადმი" უნდობლობა დაასახელეს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მეორე ტურის კენჭისყრა გასულ კვირაში გაიმართა, თუმცა მას ფორმალური ხასიათი ჰქონდა და შედეგად ოთხივე კანდიდატი ჩავარდა. ქართულ ოცნებაში თქვეს, რომ საკითხის ჩაგდების მიზანი, დამატებითი კონსულტაციების გამართვა იყო. მმართველი გუნდის ოპონენტები უმრავლესობას და საკუთარ კოლეგებს გარიგებასა და ამ გზით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საკუთარი კანდიდატების გაყვანის მცდელობაში ადანაშაულებენ.

"ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ ოპოზიციას სურს ხელი შეუშალოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს და ქვეყნის ევროპულ მომავალს. იმ შემთხვევაში თუ კენჭისყრის შემდეგ, უმაღლეს საბჭოში ადგილები კვლავ ვაკანტური დარჩება, სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება.

მომდევნო სასესიო კვირაში, ვაკანტური ორი ადგილის დასაკავებლად კენჭს ყველაზე მეტი ხმის მქონე კანდიდატებს რუსუდან კვინიკაძეს; გოგა კიკილაშვილს; ლევან ნემსაძეს და ნინო ნიშნიანიძეს უყრიან. თითოეულის ასარჩევად მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

 

დღის ამბები