ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, ბოლო ზარის აღნიშვნის დროს ავარიაში მოჰყვნენ.
შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მანქანა რომლითაც მოსწავლეები მოძრაობდნენ გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა.
ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ლია ჯალაღონიას თქმით, დაშავებულს თავის მსუბუქი ტრავმა აღენიშნება და მან კლინიკა უკვე დატოვა.
"რვა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა. სულ 6 მანქანით იყვნენ წასული. მშობლებიც ახლდათ.
საჭესთანაც სრულწლოვანი იჯდა. აქედან პოლიციამ გააცილა რამდენადაც ვიცი. დაშავებული მხოლოდ ერთი ბიჭია, კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მალევე გამოწერეს, სხვა არავინ დაშავებულა. ყოველ წელს ასეთი შემთხვევა ხდება და უნდა ვიბრძოლოთ მსგავსი ტრადიციის მოსაშლელად. ეს არის არასწორი გადაწყვეტილება", - განაცხადა ლია ჯალაღონიამ.