26 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" გრძელდება - რას აცხადებენ მელიასა და ხაბეიშვილის გუნდში

"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდაპარტიული არჩევნები დაასრულეს. აირჩიეს რაიონულ თავმჯდომარეები.

პროცესს უნდობლობას უცხადებს ნიკა მელიას ფრთა. როგორც პარტიის ამ ნაწილში განაცხადეს, არჩევნები ჩატარდა ისე, როგორც ეს ჩრდილოვან მმართველებს სურდათ - საუბარია მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ადეიშვილზე. ნიკა მელიას გუნდში ასევე აცხადებენ, რომ პარტიის ჩამოშლა ვერ ჩაითვლება გუნდის ფორმირებად და ამას უკვე თავად ხაბეიშვილის გუნდშიც ხედავენ.

"ფაქტია, რომ ამ პარტიაში ჩრდილოვანი მმართველობა არის - მერაბიშვილის, კეზერაშვილისა და ადეიშვილის კარნახით მიმდინარეობს ყველაფერი და ახალი მენეჯმენტი ჩამოკიდებულია ამ სამ ადამიანზე სამწუხაროდ. ამ არჩევნების დროსაც გამოიკვეთა, როდესაც მიდიოდა გარკვეული კანდიდატების მხარდაჭერა და ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მათი სასურველი კანდიდატები გამხდარიყვნენ თავმჯდომარეები,"- აღნიშნავს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი.

ბრალდებებს კატეგორიულად ურყოფს პარტიის მოქმედი თავმჯდომარე. ლევან ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" აძლიერებს, საწინაღმდეგო აზრის მქონე გუნდელებს კი დასვენებას ურჩევს.

"ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს 90% არის, დაკომპლექტებულია პირდაპირი არჩევის გზით და ეს არჩევანი გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველმა და ეს გადაწყვეტილება, ცხადია არ იყო მიღებული კაბინეტებში. კონკრეტული ადამიანები რომ ჩამორჩნენ რა უნდა ჩვენს ხალხსა და ამომრჩეველს, იმიტომ არიან შესაბამის მძიმე მდგომარეობაში. მე კომუნიკაცია მაქვს "ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებთან, სამდივნოსთან და შესაბამისად, ეს დაპირება წინასწარ იყო ჩემს მიერ მიცემული იმ ამომრჩევლისთვის, რომელმაც ხმა მე მომცა. ამიტომ, არანორმალური ამაში არაფერია. ჩვენ ვერ დავისვენებთ, ვიღაცებს შეუძლიათ დაისვენონ, ეს მათი საქმეა,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

 ავტორი: ანუკა ბუავა. 

დღის ამბები