26 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
შინაგან საქმეთა მინისტრთან 7-8 მარტის აქციებთან დაკავშირებით წერილი გაიგზავნა 7 ნოემბრისა და 26 მაისის ავტორებისგან, ეს არის ცინიზმი - ირაკლი კობახიძე

"დღევანდელი დღე არის განსაკუთრებული, გამორჩეული - წერილი შინაგან საქმეთა მინისტრთან 7-8 მარტის აქციებთან დაკავშირებით გაიგზავნა 7 ნოემბრისა და 26 მაისის ავტორებისგან, ეს არის ცინიზმი, სწორედ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" არის ამ ორი უსასტიკესი დარბევის ავტორი,"-ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს უსმენენ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 7 ნოემბერს მოყვა ტელეკომპანია "იმედში" შეჭრა და შემდეგ უკვე მოროდიურული ფორმით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან ტელეკომპანიის მიტაცება.

"ეს არ იყო მხოლოდ უსასტიკესი დარბევა. ამას ჰქონდა თავისი შემდგომი გაგრძელდება, თავისი მიზნები და ამაშიც იყო დიდი სისასტიკე. რაც შეეხება 26 მაისს, ამის გაგრძელებასაც შეგახსენებთ, მარტო 26 მაისი ხომ არ იყო, შეგახსენებთ, რომ ამის შემდეგ რამდენიმე დაღუპული ადამიანი იპოვეს ჯიხურების თავზე. ეს არის თქვენი სახე და ამ ყველაფრის ავტორები დღეს უსვამენ შს მინისტრს კითხვას იმაზე, რამდენად პროპორციული იყო ის ოპერაცია, რომელიც ჩატარდა მოძალადე დემონსტრანტების წინააღმდეგ.

26 მაისის გაგრძელება იყო ფოტოგრაფების დაჭერა. ამ ადამიანებმა უბრალოდ გადაიღეს ფოტოები, ასახეს ფირზე რაც მოხდა, ის სისასტიკე, რაც ჩაიდინა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და ეს ადამიანები ჩვეულებრივად აიღეთ და დაიჭირეთ. დღეს ეს ადამიანები ბედავენ და კითხვას სვამენ, რამდენად პროპორციული იყო პოლიციის ესა თუ ის მოქმედება. ეს არის ცინიზმი და ამის გახსენება აუცილებელია. მორალური უფლება არ გაქვთ, რომ ასეთ საკითხზე თქვენ კითხვა დასვათ.

რაც შეეხება იმას, რამდენად იყო მშვიდობიანი მანიფესტაცია ნაწილობრივ მშვიდობიანი მანიფესტაცია, მე ასეთი რამ გაუგებარი მგონია. როდესაც ძალადობა ხორციელდება ასეულობით მომიტინგის მხრიდან, ასეთ დროს ნებისმიერი არამოძალადე მომიტინგე ამაგრებს ამ ძალადობას. ეს ხდებოდა, ეს იყო სურათი, რაც იყო 7-8 მარტს. ძალადობა არ ნიშნავს მაინცდამაინც მოლოტოვის კოქტეილის სროლას. ყველა იყო ძალადობის გარკვეული ფორმით გამმაგრებელი და შესაბამისად, მონაწილე,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, შეკრება თავიდან ბოლომდე იყო ძალადობრივი, არსებობდა არა დარბევის, არამედ დაშლის ლეგიტიმური უფლება, რადგან შეკრება იყო არამშვიდობიანი და ძალადობრივი სახე მიიღო.

"მოძალადეები, რომლებიც კონკრეტულად ჩადიოდნენ დანაშაულს, თავისთავად არიან დანაშაულის ჩამდენი პირები, მაგრამ ასევე არიან კოლექტიური "ნაცმოძრაობის მსხვერპლი". "სირცხვილია"– ლიბერალურ-ფაშისტური ორგანიზაცია, "ნაცმოძრაობის" ახალგაზრდული დანაყოფი, ფრანკლინის კლუბი და ა.შ. ეს ლიბერალურ-ფაშიტური ორგანიზაციები იმართება თქვენი მხრიდან და თქვენ აქეზებთ ამ ადამიანებს ძალადობისკენ. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ძალადობაში, არიან მსხვერპლი თქვენი კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მსხვერპლი და ამაზე ყურადღების გამახვილება არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მინდა, გავიხსენო, 19 აპრილს გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც გათავისუფლდნენ ის ადამიანები, რომლებიც მანამდე იჭრებოდნენ პარლამენტში. ჩვენ მაშინვე ვამბობდით, რომ არ მოგვწონდა ეს პუნქტი და ვამბობდით, რომ ამ ჩანაწერს ექნებოდა ანტიპრევენციული ეფექტი, წაახალისებდა მოგვიანებით იგივე დანაშაულს და ასეც მოხდა. არასდროს აღარ მოხდება ისეთი შეთანხმების ხელმოწერა, როგორიც იყო 19 აპრილის შეთანხმება. ეს არის ძალიან მკაფიო პოზიცია და ამას ბოლომდე დავიცავთ,"- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა შს მინისტრი ვახტანგ გომელაურს და პოლიციის თანამშრომლებს.

"ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო შსს-ს, თითოეულ პოლიციელს, შს მინისტრს, ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ მას შემდეგ, რაც ვახტანგ გომელაური გახდა შს მინისტრი, ყველა შესაბამისი ოპერაცია ჩატარდა უმაღლეს დონეზე, არამარტო პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად, არამარტო სათანადო წესების დაცვის და ა.შ. ეს არის პირდაპირ ვახტანგ გომელაურის დამსახურება და მადლობა მას. მადლობა თითოეულ პოლიციელს და დადასტურდა 7-8 მარტს, რომ პოლიციელი არის გმირი და ქართველი პოლიციელი მოქმედებს იმ სტანდარტების შესაბამისად, რომელიც დამახასიათებელია კლასიკური ევროპისთვის.

2012 წლამდე იყო შემთხვევები, როდესაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ შსს და დემონსტრანტები, მაშინ ევროპა იყო დემონსტრანტების მხარეს, მაშინ დემონსტრანტები იქცეოდნენ ევროპულად და სწორედ "ნაციონალურ მოძრაობის", სააკაშვილის რეჟიმის "სპეცნაზი" იქცეოდა არაევროპულად. რაც შეეხება 7-8 მარტს, აქ იყო პირიქით, აქ ევროპა იყო სწორედ შსს-ს, პოლიციელის მხარს და არა მოძალადე დემონსტრანტების მხარეს. აქედან ჩანს პრინციპული სხვაობა წინა ხელისუფლებასა და მოქმედ ხელისუფლებას შორის, მაშინდელ პოლიციასა და დღევანდელ პოლიციას შორის მადლობა თითოეულ პოლიციელს ევროპული სახის ჩვენებისთვის და მადლობა ვახტანგ გომელაურს,"-განაცხადა

დღის ამბები