ვახტანგ გომელაური პარლამენტში ინტერპელაციის წესით 8 დეპუტატმა დაიბარა - მთავარი საკითხი 7-9 მარტის მოვლენებია, თუმცა მინისტრს საუბარი დღეს ყველაფერზე მოუწია. მათ შორის, დღის მთავარ თემაზე - თბილისში დაშვებულ პირველ რუსულ ავიარეისზე, რომელსაც აეროპორტში ხმაური, პოლიციასთან დაპირისპირება და რამდენიმე ადამიანის დაკავება მოჰყვა.
ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრს პასუხისმგებლობას არაერთ საკითხზე აკისრებს, მათ შორის, პუტინის გადაწყვეტილებებზე, სანქცირებულ მაზუთზე და აქციების დაშლის ფორმაზე.
ვახტანგ გომელაურმა დღეს კიდევ ერთხელ ახსნა, რატომ გამოიყენა პოლიციამ რუსთაველზე მიმდინარე აქციების დროს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლმდენი გაზი. ბრალდებების გარდა, ოპოზიციიდან იყო ერთი თხოვნაც: მინისტრს აქციების დაშლის გამაფრთხილებელი ქალის ხმის შეცვლა სალომე სამადაშვილის ხმით მოსთხოვეს.
ყველაზე მეტად კი ვითარება პარლამენტში გიორგი ვაშაძის გამოსვლის შემდეგ დაიძაბა. მან მმართველი გუნდი რუსული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.
"როგორც 7-8 მარტს, ხალხის ერთიანობით, ნუ ყვირიხარ მანდ, დაჯექი შენს ადგილზე, რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში ვერ დაჯდება ვერასდროს. ამ ხალხს ესმით მხოლოდ და მხოლოდ პროტესტის ხმა, როგორც კი ჩვენს დიდ ერთიანობას ხედავენ, მყისიერად უკან იხევენ. ეს არის ერთადერთი გზა, დავახევინოთ უკან ამ ადამიანებს. ტესტი, კი მაინტერესებს როგორ შეასრულებს შინაგან საქმეთა მინისტრი, მოითხოვთ თუ არა ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას საქართველოში ამ ფრენებით ჩამოსული ადამიანებისგან,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამ გამოსვლის შემდეგ, ადგილზე დაბრუნებულ გიორგი ვაშაძეს "ქართული ოცნების" წევრ დაჩი ბერაიასთან შელაპარაკება მოუვიდა. დეპუტატებმა ერთმანეთს ჯერ მოღალატეები უწოდეს, შემდეგ შეაგინეს, რის მერეც დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ინციდენტში ჩაერთნენ მანდატურები, რომელთაც სიტუაცია ადგილზე განმუხტეს.